სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურიშვილს ესტონელი მრჩეველი ეყოლება.
ამის შესახებ from.g-ს ზურაბ ჩეკურიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ესტონელი მრჩეველი საქართველოში მიმდინარე წლის ბოლომდე ჩავა და ის ქვეყანაში მუდმივად იქნება.
„ესტონელი მრჩეველი იმ გზას გაგვატარებს, რომელიც ესტონეთმა ევროკავშირში გაწერვიანებამდე განვლო. ეს პიროვნება მოსამზადებელ პროცედურებს გაგვატარებს და რჩევებსა და რეკომენდაციებს მოგვცემს - წინ როგორ უნდა წავიდეთ“, - განაცხადა ჩეკურიშვილმა.
რაც შეეხება სააგანტოს საქმიანობას, ჩეკურიშვილი აცხადებს, რომ სააგენტოს წინაშე ბევრი პრობლემა დგას და ეს განსაკუთრებით სახელმძღვანელო კანონმდებლობას ეხება.
მისი განმარტებით, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ ძირეულად გადასამუშავებელია.
„ევროკომისიიდან 14-გვერდიანი შენიშვნები მივიღეთ და როგორც აღმოჩნდა, წინა მოწვევის პარლამენტმა ევროკომისია შეიყვანა შეცდომაში და კოდექსი მათი შენიშვნების გაუთვალისწინებლად მიიღო. კოდექსის გარდა, საკამაოდ დიდია იმ კანონების ჩამონათვალიც, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან უნდა იყოს ჰარმონიზებული“, - აცხადებს ჩეკურიშვილი.