"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას საშემოსავლო გადასახადის 18%-მდე შემცირებას და დაუბეგრავი მინიმუმის ყველა კატეგორიის ადამიანებზე გავრცელებას სთავაზობს.
აღნიშნული ინიციატივის შესახებ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის განცხადებით, დაუბეგრავი მინიმუმის გავრცელების შესაძლებლობა არა მხოლოდ ხელფასის მიმღებ ადამიანებზე, არამედ ყველაზე უნდა გავრცელდეს, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდის და მისივე თქმით, იმისათვის, რომ საქართველოში ყველა ოჯახმა იგრძნოს მყისიერი შედეგი შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, საშემოსავლო გადასახადი უნდა შემცირდეს, რაც არამარტო შემოსავლის ზრდას, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გამოიწვევს.
„როგორც კონსტრუქციული ოპოზიცია, უმრავლესობას კონსტრუქციულ წინადადებას ვთავაზობთ. პირცველი, დაუმეგრავი მინიმუმი, რომელიც დღეს, მხოლოდ ხელფასის მიმღებ ადამიანებზე ვრცელდება უნდა გავრცელდეს, აბსოლუტურად ყველაზე ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდის, რადგან ვფიქრობთ, რომ რა დააშავა მაგალითად, ადამიანმა, რომელსაც აქვს ჯიხური და შემოსავალი აქვს 500 ლარი? ან რა დააშავა ადამიანმა, რომელიც სახლს აქირავებს და შემოსავალი აქვს 500 ლარი? და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მილიონამდე ოჯახმა შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით მყისიერი შედეგი იგრძნოს ვფიქრობთ, 18 % -მდე უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი“, - განაცხადა ვაშაძემ.