გარდაბანში ხვალ საზოგადოებრივ ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან“ არსებული „ეროვნებათა სახლის“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და გარდაბნის რელიგიური თემის ერთობლივი ღონისძიება გაიმართება.
50 მორწმუნე მუსულმანურ დღესასწაულ „შახსეივახსეისთან“ დაკავშირებით, ნებაყოფლობით, უანგაროდ სისხლს ჩააბარებს.
ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია „სისხლის უანგარო დონორობის განვითარება ქვეყანაში“.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2012 წლის სისხლის დონორთა კამპანიის სლოგანია ,,ყველა დონორი გმირია”, რომელიც ფოკუსირდება იმ იდეაზე, რომ თითოეული ჩვენგანი სწორედ ამ ადამიანების მსგავსად შეიძლება გახდეს გმირი, თუ გასცემს სისხლს.
ღონისძიება ხვალ, 10:00 საათზე ქალაქ გარდაბანში, „მედრესეს“ შენობაში გაიმართება.