რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მიუღებელია, რომ ცხინვალის მხრიდან რეგულარულად ხდება ქართველი გლეხების დაპატიმრება სხვადასხვა მიზეზის გამო.
ზაქარეიშვილი ცხინვალის ციხიდან სამი ქართველის გათავისუფლებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველების დაპატიმრება ზოგჯერ შეშის აღებისა და ჯონჯოლის კრეფის დროს ხდება.
„სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. მოხდა ის, რომ ცხინვალმა გაათავისუფლა სამი ადამიანი. ჩათვალეს, რომ მათ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ, გარდა იმისა, რომ მათი მოსაზრებით გადალახეს ის საზღვარი, რომელსაც თვლიან სახელმწიფო საზღვრად. საჭიროა მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ასეთი ფაქტები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, რომ მოხდეს ამ კატეგორიის ადამიანების გათავისუფლება"-აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ცხინვალის ციხეში დაკავებულები არიან ქართული ეროვნების ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მსჯავრს სხვადასხვა მიზეზით იხდიან.
„ისინი არიან უკანონო პატიმრები, რადგან მათი გასამართლება არ მომხდარა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ისინი არიან საოკუპაციო ძალების მიერ გასამართლებულები. მათი დაპატიმრება სხვა მიზეზების გამო მოხდა და არა ცხინვალის მიერ ჩათვლილი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გამო. არიან ასეთი კატეგორიის პატიმრები და საჭიროა მათზე ზრუნვაც"- განმარტა ზაქარეიშვილმა.
ცხინვალის ციხე სამმა ქართველმა დატოვა. ძმები გია და აკაკი აბალაკები და გერონტი პაპიტაშვილი ორი თვის წინ გორის რაიონის სოფელ კირბალთან ოსურმა მხარემ დე-ფაქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშას აგროვებდნენ.
ოსურ მხარესთან მათ გასათავისუფლებლად ამ პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკებას შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი დვალიშვილი და მისი მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი აწარმოებდნენ. გათავისუფლებულ ქართველებს ისინი ერგნეთის ტერიტორიაზე დახვდნენ.