შინაგან საქმეთა სამინიტრო მთავარ პროკურატურას შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ კანონდარღვევის ფაქტზე გამოძიებისთვის მასალებს უგზავნის.
ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ საქმე ეხება 2006-2008 წელში ვანო მერაბიშვილის მხრიდან განხორციელებულ უკანონობას.
კერძოდ, გიორგობიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის 2006 წლის 13 მარტის ბრძანებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დათა ახალაია და გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე დროებით გათავისუფლდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, რადგან საზოგადოებაში არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მათი დარჩენით ხელი შეეშლებოდა სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლოს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.
გიორგობიანის თქმით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სასამხურებრივი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შს მინისტრის ბრძანება დათა ახალაიასა და სანოძისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე ატარებდა მოჩვენებით, თვალთმაქცურ ხასიათს და გამოცემული იყო მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაკმაყოფილებული ყოფილიყო საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნა ამ პირების თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
„სინამდვილეში ახალაია და სანოძე თითქმის 2 წლის განმავლობაში სრული მოცულობით და შეუზღუდავად ხელმძღვანელობდნენ შესაბამის დეპარტამენტებს. მათ ხელი მუწვდებოდათ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციებთან და დოკუმენტებთან. ისინი გეგმავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ოპერატიულ საგამოძიებო, აგენტურულ და სხვა ხასიათის სპეციალურ ღონისძიებებს" - განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოში შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანება დათა ახალაიასა და სანოძის შეჩერებული სამსახურებრივი უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე.
„შესაბამისად, საქართველოში შს მინისტრის მიერ წლების განმავლობაში დაშვებული და წახალისებული იყო სამინისტროს ორი უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის არაფორმალური მმართველობა, რაც შესაძლოა, უპრეცედენტო შემთხვევაა ცივილიზებული ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებრივი ფუნქციონირების ისტორიაში" - აღნიშნა ნინო გიორგობიანმა და დასძინა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ამ ფაქტებში ნათლად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
მისი თქმით, შემოწმებული მასალები რეაგირებისთვის დღესვე გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას.