ვანო ჩხარტიშვილი პოლიტიკური ნიშნით დევნილია. ამის თაობაზე ჩვენს საჯარო განცხადებებში არაერთხელ აღინიშნა. ვფიქრობთ, სამართლიანი იქნება, თუკი იმას, რაც 2010 წლის ოქტომბერში დიდი ბრიტანეთის იმიგრაციისა და თავშესაფრის პალატამ დაადასტურა და ვანო ჩხარტიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, ასევე ოფიციალურად და იურიდიულ დონეზე ქართული სახელმწიფოც ცნობს.
ვანო ჩხარტიშვილი საქართველოდან იძულებით ემიგრაციაში 2010 წლის ივნისში წავიდა. ქართული საზოგადოება მალე გაიგებს ძალადობისა და არაადამიანური ზეწოლის იმ ფაქტებს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ახორციელებდა.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხთა შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი პოლიტიკურად დევნილი პირების საქმეებზე მუშაობს. ამიტომ, ორშაბათს მათ მივმართავთ ოფიციალური თხოვნით, რომ ვანო ჩხარტიშვილი პოლიტიკურ დევნილად ცნონ.
გიორგი გიორგაძე
ვანო ჩხარტიშვილის პრეს–მდივანი