საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში, მათ დახმარება 100 000-ზე მეტ ადამიანს გაუწიეს.
„ჩვენ თბილისის ცენტრალურ და 7 რეგიონულ ოფისში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა უფასო იურიდიული დახმარების გაწევა. წლის განმავლობაში უფასო კონსულტაცია გავუწიეთ 110 418 პირს. შევადგინეთ 12 266 სამართლებრივი დოკუმენტი. უფასო საადვოკატო მომსახურეობა გავუწიეთ 433 მოქალაქეს“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, საია-მ მოიგო ორი საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში და ერთი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
ამასთან, როგორც ჩუგოშვილი განმარტავს, საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა სხვადასხვა მედიასაშუალებების ინტერესების დასაცავად მოამზადა 266 სამართლებრივი დოკუმენტი, მათ შორის, მოიგო 2011 წლის 26 მაისს დაშავებული ჟურნალისტების საქმე.
თამარ ჩუგოშვილის თქმითვე, უფასო იურიდიული დახმარება გაეწია 4 102 მსჯავრდებულს და ორგანიზაციის საქმიანობის შედეგად ხდებოდა მსჯავრდებულთა შეწყალება და სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანა.
„ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვსწავლობდით საკუთრების სახელმწიფოსათვის ჩუქების ფაქტებს. გამოვლინდა ათეულობით შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები მასიურად და ორგანიზებულად ტოვებდნენ საკუთრებას, ან ჩუქნიდნენ სახელმწიფოს. ისინი იმ დროისთვის არ ამბობდნენ, რომ ეს იყო მუქარის შედეგად, თუმცა ისედაც ცხადია, ასეთ შემთხვევაში, თუ რაშია საქმე“, - განმარტა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ათასობით იძულებით გადაადგილებულმა პირმა ისარგებლა საია-ს იურიდიული დახმარებით. ასევე ორგანიზაციამ გამოკვეთა კორუფციული საფრთხეები ანტიკორუფციული მონიტორინგის შედეგად. კერძოდ, ჩატარდა კვლევები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა საქართველოს პარლამენტის ქუთაისში მშენებლობასთან დაკავშირებით და კვლევამ აჩვენა ხარჯვის პროცესის სრული დახურულობა და კორუფციული საფრთხეები.
ამასთან, საია-მ გასულ წელს საკანონმდებლო პროცესში ორგანიზაციის აქტიურობაც მიმოიხილა.
ჩუგოშვილის განმარტებითვე, ორგანიზაცია განსაკუთრებით აქტიურობდა საკონსტიტუციო ცვლილებების დროს.
„აღსანიშნავია, რომ დეპუტატების რაოდენობის ზრდა არ მოხდა სწორედ ჩვენი და ჩევნი კოლეგების აქტიურობის შედეგად“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით საია-მ აქტიური მონაწილეობა მიიღო საარჩევნო პროცესშიც და კონკრეტულად არჩევნების დღეს ორგანიზაციის 350 დამკვირვებელი პროცესს აკვირდებოდა 35 საარჩევნო ოლქში.
გარდა ამისა, საია აქტიურად იყო ჩართული კამპანიაში „ეს შენ გეხება“ და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მიიღო მონაწილეობა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. და ასევე ე.წ. მასთ ქერის პრინციპების დანერგვაში. ამასთან, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ორგანიზაციის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდაში მონაწილეობა.
„მე განსაკუთრებით ამაყი ვარ ამ ნაწილში. ჩვენს პარტნიორებთან ერთად მოვამზადეთ სასამართლოს ინსტიტუციური პრობლემის ანალიზი და ჩვენს მიერ გაწეულმა შრომამ ახალი ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რეფორმის კურსის განსაზღვრაზე“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ორგანიზაციის ნდობის მაუწყებელია ის საერთაშორისო ყურადღება, რაც მთელი წლის განმავლობაში შეიმჩნეოდა.
„ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციით და ჩვენი შეფასებებით ინტერესდებოდა არა მხოლოდ ადგილობრივი მედია, არამედ საერთაშორისო მეტად პატივსაცემი მედიასაშუალებები. ჩვენს განცხადებას და ანგარიშებს ეყრდნობოდა ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები, როგორებიცაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში ადამიანის უფლებების თაობაზე, Human Rights Watch–სა და Amnesty International-ის მიერ მომზადებული სხვადასხვა განცხადებები და ანგარიშები. ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა განცხადებები“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.