ხვალ, 25 ნოემბერს,16:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში ცნობილი რუსი დოკუმენტალისტები - პაველ კოსტომაროვი და ალექსანდრ რასტორგუევი მასტერკლასებს გამართავენ.
რეჟისორები მსმენელებთან იმ მულტიმედია პროექტებს განიხილავენ, რომლის იდეაც გაზაფხულზე, რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას გაჩნდა და რომელსაც „ვადა” [Срок] ჰქვია. რა მოხდება აქციების შემდეგ? ვინ იქნება ხვალინდელი დღის გმირი? ოპოზიციის რომელიმე ლიდერი? ან იქნებ ვინმე სხვა? ჩვენ ვხედავთ მათ ეკრანზე, ტრიბუნაზე, მოედნებზე შეკრებილ ხალხს შორის. მაგრამ რას ისახავენ მიზნად? რას აპირებენ? და რას გრძნობენ?
“ვადა ” [Срок] ონლაინ დოკუმენტური ფილმია, რომელიც რუსეთის ოპოზიციის ლიდერების ემოციებს, მოსაზრებებსა და მათი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს. ფილმი ეპიზოდების სახით იტვირთება Youtube-ზე. ბოლოს რეჟისორები მის ერთ ფილმად გაერთიანებას გეგმავენ.
პაველ კოსტომაროვი და ალექსანდრ რასტორგუევი მათ ერთობლივ სხვა ფილმებზეც ისაუბრებენ, რომელთა ჩვენებაც რუსული ფილმების ფესტივალზე რუსთაველის კინოთეატრში შედგება: „მე შენ მიყვარხარ” 23 ნოემბერი, 22:00 საათზე და „მე შენ არ მიყვარხარ” , 24 ნოემბერი, 22:00 საათზე.
მასტერკლასი რუსული კინოს ფესტივალთან თანამშრომლობით პროექტ CAUCADOC-ის ფარგლებში იმართება. პროექტს საქდოკ ფილმი და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია People in Need ახორციელებენ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ.