ფონდი ნატახტარი პროექტის „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში თანხის შეგროვების მეორე ეტაპს იწყებს. 25 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორიკე ნიკოლაიშვილი, ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველოს“ წარმომადგენლები ლელა მერაბიშვილი და მანანა ომარაშვილი საზოგადოებას გააცნობენ პროექტის „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს და ფონდში თანხის შეგროვების მომდევნო ეტაპის დაწყებას გამოაცხადებენ.
კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა ფონდი „ნატახტარი“ და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“-ს განხორციელება. 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად 0.5ლ; 1ლ და 2ლ).
პროექტის ფარგლებში შეიქმნა მზრუნველობამოკლებული მოზარდების ბაზა. ფსიქოლოგების მუშაობის შედეგად გამოიკვეთა 16, 17 და 18 წლის 68 მოზარდი, სწორედ ამ ჯგუფზე გადანაწილდა ფონდის თანხის უდიდესი ნაწილი და ფსიქოლოგების დახმარებით თითოეული მოზარდისათვის განისაზღვრა ის მიმართულებები რომელიც მისთვის საინტერესო იყო. მაგალითად: სასკოლო საგნებში მომზადება, სწავლა კოლეჯში (პროფესიული სასწავლებლები), მართვის მოწმობის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსები, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები და ა.შ. ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება მოზარდების ტრანსპორტირებაც.
პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.