გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის შეფასებისას, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „მე-9 არხის“ შესაძლო შერწყმა არ გამოირიცხება, აცხადებს, რომ პრემიერმა უბრალოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელს ტექნიკური და სხვა სახის დახმარება შესთავაზა, თუ ეს, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მისაღები იქნება.
ამასთანავე, ტუღუშის თქმით, პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით, რიგი კითხვები არსებობს და ამ წინადადების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ხდება, ამიტომ ის მიიჩნევს, რომ საჭიროა ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ.
„ის უბრალოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც ტექნიკურ, ასევე სხვა სახის დახმარებას სთავაზობს, თუ ეს, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მისაღები იქნება, თუმცა თუ ეს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არაა მისაღები, მან ისიც თქვა, რომ თვითონ დამოუკიდებლად, მსგავსი პრინციპების მქონე ტელევიზიის შექმნას შეეცდება.
შესაძლოა, ამ საკითხთან დაკავშირებით, რაღაც შეკითხვები არსებობს, მაგრამ იმედი მაქვს, გარკვეული დროის შემდეგ, საზოგადეობა ამ წინადადებასთან დაკავშირებით უფრო ღრმად გაერკვევა. ახლა სხვადასხვა ინტერპრეტაციები კეთდება, ჩვენ ვვარაუდობთ, ეს ამას ხომ არ ნიშნავს, ეს იმას ხომ არ ნიშნვას, ამიტომ საჭიროა, რომ ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ“, - განაცხადა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „მე-9 არხის“ შერწყმას არ გამორიცხავს.
„თუ მოხერხდა უახლოეს დროში, რომ პირველი არხი გახდეს ჭეშმარიტად საზოგადოებრივი, რაც აქვს „მე-9 არხს“ ქონება, ამ ქონებას ვაჩუქებ პირველ არხს და კარგი იქნება, რომ ჟურნალისტების გუნდიც მაქსიმალურად გადავიდეს იქით. თუ ეს არ მოხერხდა, არ გამოვრიცხავ, „მე-9 არხის“ ბაზაზე გაკეთდეს ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია. ახლა ამას კუდებს მოაბამენ, რომ შეიძლება პირველი არხი არ დაფინანსდეს... არცერთი არხის დახურვა და ჟურნალისტის უსაქმოდ დატოვება, მაგრამ შეიძლება ვიმსჯელოთ ჩვენი ბიუჯეტის პირობებში და თუ „მე-9 არხის“ ბაზაზე საჭირო გახდა საზოგადოებრივი არხის შექმნა, ამას გავაკეთებთ გამჭვირვალედ. 20 წლით წინასწარ გადავიხდი ფულს, რომ ბორდს ფინანსებზე საფიქრალი არ ჰქონდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.