სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, „ამნისტიის შედეგად რაღაც ეტაპზე კრიმინალი შესაძლოა, გაიზარდოს და საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს“ აცხადებს, რომ ხელისუფლება, ამნისტიის საკითხს ძალიან ფრთხილად უდგება.
„ძალიან კარგად გვესმის, რომ ციხეები გადატვირთულია და უმეტეს შემთხვევაში, ისეთი ადამიანებით, რომლებიც უდანაშაულოები არიან და არაადეკვატური სასჯელები აქვთ მისჯილი. ამავდროულად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამნისტიამ კრიმინალის ზრდაზე გავლენა აბსოლუტურად არ მოახდინოს. თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ სიები, რითაც ვთქვათ, ჩვენი სამინისტრო ახორციელებს გათავისუფლებას და შეგიძლიათ შეადაროთ ეს იმ სიებს, რომლითაც პრეზიდენტი ახდენს წლების განმავლობაში შეწყალებას. ნახავთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებულია. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტი ახორციელებს შეწყალებას საზოგადოებრივი ინტერესები საერთოდ არაა გათვალისწინებული, ჩვენს შემთხვევაში კი აბსოლუტურად არის გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესი, პატიმართა მდგომარეობაც, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც“, - განაცხადა სუბარმა.
ამასთანავე მინისტრის განცხადებით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2750 პრობაციონერს მოეხსნა სასჯელი, 206 ადამიანს აღუდგა ჩამორთმეული უფლება - მათ შორის ექიმობის, საადვოკატო საქმიანობის, მანქანის მართვის უფლება. 115 პატიმარი კი, პირობით ვადამდე გათავისუფლდა, აქედან 12 მძიმე ავადმყოფი იყო.
„ამავე დროს, დღეისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში სასჯელს იხდის 150-მდე პატიმარი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და რომელთა მკურნალობა ძალიან ძნელია სასჯელაღსრულების სისტემაში. უნდა მოხდეს მათი სწრაფად გათავისუფლება, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა ამის საშუალებას“, - განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით, უწყებას ალტერნატიული გეგმა აქვს შემუშავებული და მას საზოგადოებას მომდევნო კვირაში წარუდგენს.