სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სპეციალურ ბრიფინგზე, წუხელ ღამით, ღუდუშაურის კლინიკაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და ბადრაგის ჯამბულ ხოშარაულის გარდაცვალების ფაქტზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბადრაგის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა, ხოლო რა გახდა პატიმრებს შორის, კონფლიქტის მიზეზი, მინისტრი არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე მსჯავრდებულები პასუხს აგებენ.
„სამი ავადმყოფი პატიმარი მიყვანილი იქნა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. ისინი არ დაემორჩილნენ მკურნალობის რეჟიმს, მათ შორის, მოხდა კონფლიქტი და მიიყენეს თვითდაზიანებები. ეს კონფლიქტი აღკვეთილი იქნა, თუმცა ამავე დროს, იქ მოხდა სამწუხარო ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი ბადრაგის თანამშრომელი ჯამბულ ხოშარაული სამსახური მოვალეობების შესრულების დროს, წინასწარი მონაცემებით, ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არაა ცნობილი, გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ ფაქტზე დაწყვებულია გამოძიება და ის პატიმრები, რომლებიც არ დაემორჩილნენ წესრიგს, გამოძიების დასრულების შემდეგ, აგებენ პასუხს კანონის შესაბამისად“,- განაცხადა სუბარმა.
მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მისი ოჯახის დახმარებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს.
მინისტრის განცხადებითვე, ეს პატიმრები შესახლდებიან მერვე საპყრობილეში, რადგან მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და სუბარის თქმით, იმის გამო, რომ ისინი ბადრაგს და შინაგანაწესს არ დაემორჩილნენ, მათ სავარაუდოდ, სასჯელი დაემატებათ.