კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის იური მეჩითოვის განცხადებით, მას არსად არ უთქვამს, რომ რომ ოკუპაციის მუზემი უნდა გაუქმდეს.
ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
რაც შეეხება მის პოზიციას, მეჩითოვი აცხადებს, რომ მუზეუმის სახელწოდება აბსურდულია.
მეჩითოვი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ოკუპაციის გარდა, „სხვა ცხოვრებაც სუფევდა“.
„ეს უნდა იყოს საბჭოთა პერიოდის მუზეუმი. მე მიცხოვრია იმ პერიოდში. რაღაც პერიოდს შეიძლება დაერქვას ოკუპაცია, მაგრამ სხვა ცხოვრებაც სუფევდა. ჩემი აზრია და მე არ ვახვევ ამას თავზე არავის, რომ ეს უნდა იყოს საბჭოთა პერიოდის მუზეუმი, სადაც იქნება ყველაფერი. ხომ არ შეიძლება მხოლოდ შავ-თეთრად დაინახო ცხოვრება, მრავალფეროვანია ეს ცხოვრება, მაგრამ ეს მუზეუმი არის შავი, წითელი ელემენტებით: ნატყვიარებით“,-განაცხადა მეჩითოვმა.
ამასთან მეჩითოვის თქმით, კულტურის სამინისტროში ამ ეტაპზე აღნიშნული მუზეუმის საკითხი საერთოდ არ განიხილება, რადგან სამინისტროს „სხვა უამრავი საქმე აქვს“.