ცოტა ხნის წინ, ბრიტანულ და ამერიკულ კინოეკრანებზე გამოჩნდა ჰოლივუდის რეჟისორის ჯო რაიტის ფილმი „ანა კარენინა“ , რომელიც ცნობილი რუსი მწერლის ლევ ტოლსტოის იგივე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაიღებული. ფილმში მთავარ როლებს ბრიტანელი მსახიობი კირა ნაითლი და ჯუდ ლოუ ასრულებენ.
ჯუდ ლოუმ პრესასთან ინტერვიუში ჯო რაიტთან მუშაობის საიდუმლოებებსა და მისთვის ამ როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მსახიობმა გაიხსენა, თუ რა რეაქცია ჰქონდა „კარენინას მოტყუებული მეუღლის“ როლის შემოთავაზებაზე.
- ეს იყო ზარი ჯო რაიტისგან. ზარი, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი და რომლისთვისაც ლოდინი ღირდა. თავიდანვე აღვფრთოვანდი სცენარით, მომეწონა უკვე არჩეული მსახიობები, შესანიშნავად იყო დაკომპლექტებული შემოქემედებითი ჯგუფი და რაც მთავარია, რეჟისორი იყო არაჩვეულებრივი. ჯო რაიტს მარტივად შეუძლია გადასაღებ მოედანზე მსახიობების გარდაქმნა. ის ძალიან ნიჭიერი რეჟისორია და საკუთარი, განსხავებული ხედვა აქვს, რაც მის ფილმებში აისახება. ჯო რაიტს შეუძლია მსახიობი ისეთ სამყაროში გადაიყვანოს, სადაც არა მხოლოდ თამაშის, არამედ ცხოვრების სურვილი უჩნდება.
ჯუდ ლოუ ამბობს, რომ ეს როლი მისთვის რთული და საპასუხისგებლო იყო.
-კარენინის როლზე რომ დავთანხმდი ფსიქოლოგიურად ვიყავი მზად მისი განსახიერებისთვის. ეს იყო როლი, რომელსაც ვიცოდი რომ აუცილებლად მოჰყვებოდა კრიტიკა, ის არაერთხელ გაცოცხლებულა ეკრანზე, ამიტომ ვფიქრობდი, რომ რომანის ამ ადაპტაციაში განსაკუთრებული და გამორჩეული უნდა ყოფილიყო. მართალია, ოდნავ მეშინოდა, თუმცა ვხვდებოდი რომ ეს ის შანსი იყო, რომელიც შეიძლება მსახიობს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მიეცეს.
ჯუდი ფილმის წარმატებაში დარწმუნებულია და აღნიშნავს, რომ მთელ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ამ წარმატებაში მთავარი როლი რეჟისორს მიუძღვის, რადგან ის ძალიან გამბედავი ადამიანი აღმოჩნდა.
-რთულია გადაწყვიტო ხელი მოჰკიდო ისეთი დიდი კლასიკოსის ეკრანიზებას, როგორიც ლევ ტოლსტოია. არსებობდა რისკი იმისა, რომ ჩანაფიქრი არ გამოსულიყო და კლასიკა თანამედროვე მოტივებს გაეფუჭებინა. მიუხედავად ამისა, ჯომ შეძლო ყველაფერი ისე გაეკეთებინა, რომ გადასაღებ მოედანზე ყველას მშვიდად და კომფორტულად გვეგრძნო თავი. ის საკუთარ ძალებში ყოველთვის დარწმუნებულია და სწორედ ეს თვისება უწყობს ხელს შექმნას ისეთი შესანიშნავი ნამუშვერები, როგორიც გენიალური „ანა კარენინას“ ეს ეკრანიზაციაა.
რაც შეეხება თავად ანა კარენინას როლის შემსრულებელ მსახიობს კირა ნაითლი ჟურნალისტებთან საუბარში გამოტყდა, რომ მასაც უჭირდა ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება - დღემდე ანა კარენინას როლი ისეთმა დიდებულმა მსახიობებმა შეასრულეს, როგორებიც გრეტა გარბო, სოფი მარსო, ლეა მასარი, ჟაკლინ ბისეტი და ვივიენ ლი იყვნენ.
„ჩემთვის ძალიან რთული იყო ანა კარენინას როლის შესრულება. ის არაერთხელ გაცოცხლებულა ეკრანებზე და ყოველ ჯერზე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცეულა. მისი ახლებურად აღქმა და თამაში საპასუხისმგებლო საქმე იყო, ამიტომ ვცდილობდი ჩემი გმირის ახალი სახის შექმნაში განსაკუთრებით ფრთხილი ვყოფილიყავი. ვფიქრობ, სუსტი სქესის წარმომადგენლებს არ სურთ მას გავდნენ, ვინაიდან ამ პერსონაჟის ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკულია. ამასთან, მკითხველები მოჯადოვებულნი არიან მისით. მე მას პირველად 20 წლის ასაკში გავეცანი. მაშინ ჩავთვალე, რომ ანა აბსოლუტურად უდანაშაულო იყო. ეს ყველაფერი მხოლოდ სიყვარულის დიდებული ისტორია მეგონა. თუმცა, უკვე გადაღებების წინ რომანის გადაკითხვამ ჩემში სხვაგვარი გაოცება გამოიწვია: ამჯერად ანას ისტორია საზარელი მეჩვენა, ისევე როგორ თავად ეს პერსონაჟი. კონკრეტული ნაწყვეტების კითხვისას ვფიქრობდი: „ტოლსტოი ვერ იტანდა ანა კარენინას", - აღნიშნა მსახიობმა.
1914 წლიდან მოყოლებული დღემდე რომანის 11 ეკრანიზაციაა გადაღებული. წიგნის ბოლო ადაპტაცია 1997 წელს ამერიკელმა ბერნანდ როუზმა გადაიღო და მასში მთავარი როლი სოფი მარსომ ითამაშა.
ფილმის რეჟისორის 40 წლის ჯო რაიტისთვის ეს მე–5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. კინოკრიტიკოსების ყურადღება მან პირველივე ფილმით, ჯეინ ოსტინის ნოველის „ სიამაყე და ცრურწმენის“ ეკრანიზაციით მიიქცია. მაშინ რაითი ბრიტანეთში წლის რეჟისორად დაასახელეს. თუმცა, მის შემდგომ ფილმებს განსაკუთრებული ინტერესი არ მოჰყოლია.