საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი „ვარდების რევოლუციის“ მეცხრე წლისთავზე, „ქართული ოცნების“ დაახლოებით, ორთვიან მუშაობას დამაკმაყოფილებლად, ანუ სამს პლუსად აფასებს.
ბერძენიშვილის განცხადებით, ხელისუფლების გადაცემის თვალსაზრისით ვითარება ეფექტიანია, ხოლო რაც შეეხება, დაპირებების შესრულებას ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ დაპირებების იმ ტემპით შესრულება, როგორც ნავარაუდები იყო, რთული აღმოჩნდა.
„ხელისუფლების გადაცემის თვალსაზრისით, ვითარება იმაზე უკეთ მიმდინარეობს ვიდრე, შეიძლებოდა წარმოგვედგინა. მოგეხსენებათ, დამარცხებული მხარე გარკვეულ ბერკეტებს ფლობდა, ამ შემთხვევში, იურიდიულს, მაგრამ ქართველი ხალხის არჩევანის პატივისცემა მოუწიათ.
რაც შეეხება დაპირებებს, რა თქმა უნდა, ყველა დაპირება პირველივე დღეს ვერ შესრულდებოდა და ეს წინასწარვე იყო ცნობილი, მაგრამ ამავე დროს, ვითარებამ აჩვენა, რომ დაპირებების შესრულება იმ ტემპით, როგორც ეს ივარაუდებოდა შედარებით რთული იქნება, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა. მაგრამ მან პატიოსნად თქვა, რომ დაპირების არსი მაინც აუცილებლად შესრულდება. უბრალოდ, ტემპი არაა ისეთი სწრაფი, როგორც ჩვენ გვინდოდა. განსაკუთრებით, ეს იმ დაპირებებს ეხება, რომლებიც სოციალურ სფეროშია“, - განაცხადა ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ „ყველა ხვდება, რომ ჩვენ მათ შესრულებას შევეცდებით და მივაღწევთ.
ბერძენიშვილის თქმით, ტარიფების განახევრება არა, მაგრამ მათი დაწევა მოხდება, პენსიებთან დაკავშირებით, დაპირება სრულდება, საარსებო მინიმუმი გადაიხედება და გაიზრდება, ხოლო რაც შეეხება დაპირებას მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევაზე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ის აუცილებლად შესრულდება.
მისივე თქმით, შეფასებისთვის ორი თვე ცოტაა და აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ, მთავრობას 100 დღე ეძლევა.
„პოლიტიკური თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ტრანზიცია ხდებოდა. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ნაბიჯები გადადგა, რომელთაგანაც უმეტესობა სწორი ნაბიჯია, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვეული უზუსტობებიც იყოს.
რაც შეეხება საკადრო საკითხებს, ეს ყველაზე რთული საკითხია და მიუხედავად იმისა, რომ ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ კადრებით ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ, ვითარება სინამდვილემ აჩვენა, საქართველო კადრებით ღარიბი ქვეყანაა.
აღვნიშნავ, რომ დაპირებების შესრულების ტემპი უფრო დაბალია ვიდრე, მოსალოდენლი იყო, მაგრამ იმაზე მაღალია ვიდრე, ოდესმე ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, რადგან მიხეილ სააკაშვილი რას გვპირდებოდა და რას მივაღწიეთ ვნახეთ.
ამ თვალსაზრისით, ჩვენი მუშაობა პირველი ორი თვის განმავლოაბში, უნდა შეფასდეს დამაკმაყოფილებლად, სამი პლუსით. ამ თვალსაზრისით, ჩვენ არასოდეს ვიქნებით ფრიადოსნები, ვინაიდან, თვითკრიტიკულად ვიქნებით განწყობილნი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.