პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის შემდგომ ქადაგებისას ბრძანა, რომ ერთ-ერთი ბოლო ქადაგებისას გარკვეულ პირებს მიმართა, გადაეხედათ ცხოვრებისთვის, გამოეხატათ სინანული და მიეღოთ ქართველი ერის არჩევანი. თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით ამ სინანულს და აღიარებას ვერ ხედავს.
„ხალხს ვცეთ პატივი, თუ ღმერთის არ გვწამს და ბოდიში მოვუხადოთ. ადამიანი მონობისთვის არ არის შექმნილი. ბელადობის დრო წავიდა“, - ბრძანა მეუფე იაკობმა.
მისივე განცხადებით, შეიძლება, ქვეყნის სათავეში იყო, მაგრამ იყო სულმოკლე.
„არ უნდა გვეშინოდეს მხილება. ეკლესია ყოველთვის ამხელდა. თუ წინა მაგალითები არ გავიხსენეთ, შეიძლება, ახლაც იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, ამიტომ მთავარია, 3 ადამიანია თუ რამდენია, იმათ რომ აღიარონ, ათასები შიშისგან გათავისუფლდებიან“, - ბრძანა მეუფე იაკობმა.
მისივე თქმით, დღეს ხელისუფლების გადაბარების მძიმე პერიოდია და სინანული და შეცდომების აღიარება ხელს შეუწყობდა ერის უფრო გაერთიანებას.
„არჩევნების შემდეგ ერის გაერთიანების იმედი ჩაისახა, მაგრამ ხელშეწყობა უნდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს“, - ბრძანა მეუფე იაკობმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა წმინდა გიორგის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი იყო უძლეველი მხედარი, რომელმაც არაფრის გულისთვის არ უარყო უფალი და ის ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს.
მეუფე იაკობმა მრევლს გიორგობა და ყოვლადწმინდა სამების კურთხევის დღე უწმინდესის სახელითაც მიულოცა.
ცნობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქის საქართველოში არყოფნის გამო, სამების ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა მეუფე იაკობმა აღავლინა.