ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ინციდენტი მოხდა, რომლის შემდეგ, სავარაუდოდ, გულის შეტევით 48 წლის ბადრაგი გარდაიცვალა.
ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილის მარინა გელანტიას განცხადებით, კლინიკაში პატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც მედპერსონალიც შეესწრო, თუმცა ინციდენტის დეტალებს გამოძიება დაადგენს.
მისი თქმით, პატიმრები ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს და მათ ზედამხედველობას 10-ზე მეტი ბადრაგი უწევდა.
ინციდენტის შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი, მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებისა, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
რაც შეეხება გარდაცვლილს, გელანტიას ინფორმაციით, სავარაუდოდ მისი ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, იგი დაახლოებით 08.00 საათზე გარდაიცვალა.
ინციდენტში მონაწილე პატიმრები ღუდუშაურის კლინიკიდან უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დააბრუნეს.