გამოფენა „თოჯინები გიწვევენ საცეკვაოდ“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში

გამოფენა „თოჯინები გიწვევენ საცეკვაოდ“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში

დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თოჯინების საერთაშორისო გამოფენა „თოჯინები გიწვევენ საცეკვაოდ“ გაიმართება.

გამოფენაზე უკრაინისა და საქართველოს მეთოჯინეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, რომელიც სპეციალურად ექსპოზიციისათვის არის დამზადებული და მათ დამთვალიერებელი პირველად იხილავს.

გამოფენა უკრაინული მეთოჯინეების საზოგადოებრივ გაერთიანება „დე სტილის“ პირველ წლისთავს ეძღვნება, რომლის მიზანს წარმოადგენს თოჯინების შექმნის ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების მხარდაჭერა.

ექსპოზიციაში, ქართველ ოსტატებთან ერთად, უკრაინელი მეთოჯინეები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც სპეციალურად გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად სტუმრობენ ქალაქს. გამოფენა აქამდე ქალაქ ტალინს სტუმრობდა.

თოჯინები სხვადასხვა სტილითა და მასალისაგან არის შესრულებული: ქსოვილი, ფაიფური და სხვა.

დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა იხილოს უნიკალური თოჯინები, რომლებიც სხვადასხვა ცეკვებს ასრულებენ: ტანგო, ტვისტი და ა. შ.

გამოფენის ორგანიზატორები არიან უკრაინის საელჩო, კულტურის კვლევისა და კოორდინირები ცენტრი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

გამოფენა 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.