ამერიკული მუსიკალური გამოცემა „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, მსოფლიო კინოგაქირავებაში ახალი სატელევიზიო ფილმი გამოჩნდება, სახელწოდებით „Hendrix 70: Live From Woodstock”. ფილმი ამერიკელი გიტარისტის, მომღერლისა და მუსიკოსის ჯიმი ჰენდრიქსის ხსოვნას ეძღვნება და მის დაბადების დღეს ემთხვევა.
ჯიმი ჰენდრიქსი, იგივე ჯეიმს მარშალ „ჯიმი” ჰენდრიქსი 1942 წლის 27 ნოემბერს დაიბადა. ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ნიჭიერ ელექტრო გიტარისტად მთელი როკ მუსიკის ისტორიაში.
ფილმის რეჟისორია მაიკლ ვადლეი, შემოქმედებითმა ჯგუფმა საარქივო მასალების შეგროვებასა და გაცნობას ნახევარ წელიწადზე მეტი მოანდომა. ფილმში ჯიმი ჰენდრიქსის საკონცერტო გამოსვლა სრულად იქნება ნაჩვენები.
ცნობილი გახდა ისიც, რომ შემდეგი წლის 5 მარტს, გაყიდვაში გამოვა ჯიმი ჰენდრიქსის ახალი ალბომი, „People, Hell and Angels,“ რომელშიც მუსიკოსის 12 აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა შევა.
კომპოზიციები 1968 და 1969 წლებში დაიწერა, მუსიკოსის სტუდიური ალბომის Electric Ladyland-ის გამოსვლის შემდეგ. ჰენდრიქსი მათზე მარტო, ჯგუფის წევრების გარეშე, მუშაობდა.
ჰენდრიქსის ოფიციალურ დისკოგრაფიაში სამი ალბომია: „Are You Experienced“ (1967), „Axis: Bold as Love“ (1967) და „Electric Ladyland“ (1968). სამივე მათგანი ჩაწერილია ჯგუფთან The Jimi Hendrix Experience.
ჯიმი ჰენდრიქსი 1970 წლის სექტემბერში 27 წლის ასაკში დაიღუპა. მისი გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლეში გამოუქვეყნებელი კომპოზიციებისა არაერთი კრებული გამოიცა. ერთ-ერთი, ბოლო იყო ალბომი „Valleys of Neptune“, რომელიც გაყიდვაში 2010 წელს გამოვიდა.