რობერტ სტურუა სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტთან ერთად სავარაუდოდ, მმართველის პოსტსაც შეითავსებს. მისი განცხადებით, თეატრში „დიქტატორივით დაბრუნდება“.
რაც შეეხება იმას, დარჩება თუ არა თეატრში მოქმედი მმართველი ზაალ ჩიქობავა, სტურუას ჯერჯერობით პასუხი არ აქვს.
„ზაალი შეიძლება, იყოს. ვერ ვიტყვი, რომ არაფერს აკეთებს, მაგრამ, როცა მე ვბრუნდები, მჭირდება, ვიყო დიქტატორი. დავშლი დასს, რადგან მათ უმრავლესობას კონტრაქტები უმთავრდება და თავიდან ავკრეფ. ეს იქნება აკრეფა ნიჭით“, - განაცხადა სტურუამ.
რაც შეეხება სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე რამდენიმე დღის წინ დაწერილ სტატუს, სტურუა აამს მის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნას უკავშირებს.
„ეს სტატუსი ოდნავ შეზარხოშებულმა დავწერე. ფხიზელი რომ ვყოფილიყავი, არ დავწერდი“, - განაცხადა სტურუამ.
ცნობისთვის, „გადავწყვიტე, მოვდივარ! თეატრი არც უფერული მსახიობის ზალიკო (ჩიქობავას) კუთვნილებაა, არც ოლივერის და არც პატარა ტკიპების, მმართველმა როგორც მურმანივით შეასია თეატრს. მოვდივარ, ეს თეატრი ილიასი, აკაკის, იაკობის დაარსებულია და კოტეს ვნებები, ახმეტელის სისხლი, დოდოს თეატრალობა, მიშას ერთგულება მაიძულებს ამ უზურპატორებს გავუსწორდე. ვინ არიან ეს პუკები ან გაზარმაცებული მსახიობები - თამაში რომ აღარ უნდათ უბრალოდ ეშინიათ. ან იმ რეჟისორების სიამაყე, ლონდონის 40 წლის წინ დადგმულ სპექტაკლს ქართულ თეატრში უნიჭოდ რომ იმეორებენ. ამიტომ მოვდივარ! ამ თეატრში მეც ვმუშაობდი და ჩემი ვალია არ მივატოვო ჩემი სახლი, სადაც 50 წელი გავატარე. ხოლო იმ ვითომ ინტელექტუალურ რეჟისორებზე მეტი ნამდვილად წამიკითხავს. ერთი წიგნით მეტი მაინც. იმ ნიჭიერი მსახიობების, ვისი ხელფასიც ბევრად დაბალია, ვიდრე უნიჭო არტისტების, ნამდვილად ვუშველი. ბოლოს და ბოლოს ეს რუსთაველის თეატრია! ქართველების ერთადერთი თეატრი. სამწუხაროდ... მოვდივარ!“- წერდა სტურუა „Facebook“- ის საკუთარ გვერდზე.