ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ლიტვაში იმყოფება, სადაც მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ აუდრონიუს აჟუბალისთან და ეროვნული თავდაცვის მინისტრ რასა იუნკევიჩიენესთან.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო აქვეყნებს.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა ასევე, ორმხრივი შეხვედრები გამართა ლიტვის რესპუბლიკის ახალ პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩუსთან, პარლამენტის თავჯდომარე ვიდა გედვილასთან, თაცდაცვის მინისტრობის კანდიდატ იოზას ოლეკასსა და საგარეო საქეთა მინისტრობის კანდიდატ ლინას ლინკევიჩუსთან.
შეხვედრებზე ალექსი პეტრიაშვილმა ისაუბრა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკა უცვლელია და ურყევად განაგრძობს სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ.
შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ლიტვის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკაში ქმედითი თანადგომისათვის და საქართველოს მეგობარი ქვეყნის მიმართ გამოხატა მადლიერება აქტიური მხარდაჭერისათვის და გამოცდილების გაზიარებისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
საქართველოსთვის ლიტვის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ლიტვა 2013 წლის მეორე ნახევრიდან გახდება ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც საქართველოს სურს ევროკავშირთან დაასრულოს ასოცირების შეთანმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით მიმდინარე მოლაპარაკებები და ასევე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებში.
აღსანიშნავია, რომ ლიტვა მასპინძლობს 2013 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს და საქართველოს ამ სამიტზე ევროკავშირში ინტეგრაციის უფრო ამბიციური პერსპექტივების დასახვის სურვილი აქვს.
მხარეებმა შეხვედრებზე განიხილეს საქართველო-ლიტვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოების საკითხები.
ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრებზე, ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზებისა და ამ მხრივ, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.