შსს -მ გიორგი ქელბაქიანის საქმეზე მტკიცებულებები გამოაქყვენა

შსს -მ გიორგი ქელბაქიანის საქმეზე მტკიცებულებები გამოაქყვენა

შს სამინისტრომ დღეს მედიას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული კომპანია „NCC“-ის გენერალური დირექტორის გიორგი ქელბაქიანისა და ამავე საწარმოს ფინანსური დირექტორის არჩილ ჩოგოვაძის საქმეზე გამოძიების ახალი დეტალები გააცნო.

შსს-ს ინფორმაციით, კომპანია „NCC“-ის დამფუძნებლები - გიორგი ქელბაქიანი, გიორგი გოგიბერიძე და მესამე გასაიდუმლოებული პირი წავკისში აგარაკებს საბიუჯეტო თანხებით იშენებდნენ.

შსს-ს საზოგადოებიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებით ირკვევა, რომ 2009-2012 წლებში კომპანია „NCC“ სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მთავრობის დაკვეთით, ექსკლუზიურად ასრულებდა.

„ამ წლებში დაკვეთების საერთო ღირებულებამ 200 მლნ ლარამდე შეადგინა. დედაქალაქის საბიუჯეტო სახსრებიდან გაცემული თანხების განკარგვას კომპანია „NCC“ სხვადასხვა კორუფციული სქემით ახორციელებდა. ერთ-ერთი ასეთი სქემა გამოძიების მიერ უკვე გამოვლენილია. ქელბაქიანის პირადი კომპიუტერის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩოგოვაძე მას ელოქტრონული ფოსტით უგზავნიდა ცხრილებს, რომლებშიც ნათლად ჩანს, თუ რა რაოდენობის თანხებს ურიცხავდნენ 2009-2012 წლებში სამშენებლო სამუშაოებისათვის ფიზიკურ პირ გოჩა დარსაძეს. აუდიტორების მიერ შედგენილი შუალედური ცნობის თანახმად, ლეპტოპის დათვალიერების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასა და საბანკო ამონაწერებს შორის რადიკალური განსხვავებები აღმოჩნდა. ფაქტობრივად, 2009-2012 წლებში შპს "NCC"-ის მიერ გოჩა დარსაძისთვის და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი შპს "გვირაბგამყვანისთვის" კონტრაქტის გარეშე ჩარიცხულია 6 589 925 ლარი, საიდანაც ქელბაქიანმა და ჩოგოვაძემ ე.წ. "ატკატის" სახით 2 535 546 ლარი უკან დაიბრუნეს. აღნიშნული ფაქტის აღმოჩენისთანავე გამოძიების მიერ მოწმის სახით დაიკითხნენ არჩილ ჩოგოვაძე და გოჩა დარსაძე, რომლებმაც თავდაპირველ ჩვენებაში კატეგორიულად უარყვეს ურთიერთანგარიშსწორების დროს რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. დამატებითი დაკითხვის შემდეგ, დარსაძემ განაცხადა, რომ ვიდრე იგი შსს-ში პირველ დაკითხვაზე გამოცხადდებოდა, ის და შპს "გვირაბგამყვანის" დირექტორი იმედა ბოჭორიშვილი თავისთან არჩილ ჩოგოვაძემ დაიბარა და გააფრთხილა, რომ გამოძიებისთვის ცრუ ჩვენება მიეცათ, ამასთან შეჰპირდა, რომ თუკი მათი დაკავება მოხდებოდა, მათ საპატიმროდან გიორგი ქელბაქიანი აუცილებლად დაიხსნიდა. შესაბამისად, დარსაძემ გამოძიებას თავდაპირველად ცრუ ჩვენება მისცა“, - განაცხადა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, დარსაძემ გამოძიებას მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2010 წელს გიორგი ქელბაქიანმა წავკისში მას 3 სააგარაკე სახლის მშენებლობა შეუკვეთა, რომელთა შორის ერთი სახლი მისთვის უცნობი პირისთვის შენდებოდა.

„აგარაკების მშნებლობა კომპანია "NCC"-ის კუთვნილი თანხებით მიმდინარეობდა, რომელიც 100%-ით საბიუჯეტოა, ვინაიდან კომპანია მხოლოდ სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას 2 დამფუძნებელი - გიორგი ქელბაქიანი და გიორგი გოგიბერიძე - ჰყავს. კომპანიის სახსრებით კი 3 აგარაკი შენდებოდა, აქედან გამომდინარე, გამოძიება დაადგენს, ხომ არ ჰყავდა კომპანიას ფარული ბენეფიციარი სახელმწიფო მოხელის სახით, რომელსაც მესამე გასაიდუმლოებული აგარაკი ეკუთვნოდა“, - განაცხადა გიორგობიანმა.

მან აღნშნა, რომ „კომპანია წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს და დეკლარაციებს ნულოვანი მოგებით აბარებდა“.

„შეკრებილი მტკიცებულებებით მოხდა ქელბაქიანისა და ჩოგოვაძის დაკავება. მათ გუშინ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წაუყენეს“, - აღნიშნა გიორგობიანმა.

ამასთან, გიორგი ქელბაქიანისთვის და არჩილ ჩოგოვაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.