გლდანის ციხე კუდ-ისა და სოდ-ის ოთხმა მაღალჩინოსანმა გამთენიისას დატოვა.
სოდ-ისა და კუდ-ის ოთხ მაღალჩინოსანს სააპელაციო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს გადახდა შეუფარდა.
მათ გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს .
გიორგი ყავლაშვილი, ვასილ ჯამალაშვილი, ავთანდილ სოლომნიშვილი და გიორგი ჯავახიძე გირაოს თანხის გადახდის შემდეგ, ციხიდან დაახლოებით დილის 04.00 საათზე, გამოვიდნენ. მათ გარეთ ახლობლები და ადვოკატები დახვდნენ.
არც ერთ ბრალდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 22 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი ჯავახიძეს 10 000-ლარიანი გირაო დააკისრა, გიორგი ყავლაშვილს - 15 000 ლარი, ვასილ ჯამალაშვილს - 3 000 ლარი და ავთანდილ სოლომნიშვილს - 5 000 ლარი.
კუდ-ისა და სოდ-ის 10 მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას შანტაჟისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის 15 ნოემბერს დააპატიმრეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, ათივე პირს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 10 პირიდან ოთხის სააპელაციო სარჩელი 22 ნოემბერს დაკმაყოფილდა და ისინი გირაოს თანხის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.