საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ავღანეთში თავდაცვის მინისტრის ვიზიტის მიზანი ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართული სამხედრო კონტინგენტის მონახულებაა.
ირაკლი ალასანია ჰელმანდის პროვინციასა და ქაბულში მდებარე ბაზებზე დისლოცირებულ ქართველ ჯარისკაცებს პირადად შეხვდება და ადგილზე გაეცნობა მათი საქმიანობის პირობებსა და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას.
„ჰელმანდის პროვინციაშიც და ქაბულშიც შევხვდები ჩვენს ჯარისკაცებს, მეომრებს და მექნება შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ზუსტად გავეცნო მათ საქმიანობას, თუ როგორ იღებენ მონაწილეობას ოპერაციებში. მაგრამ პირველ რიგში, მინდა დავუდასტურო ჩვენი, ყველა ქართველის დიდი, ღრმა პატივისცემა იმ დიდი საქმის მიმართ, რასაც ისინი აკეთებენ ავღანეთში“, - განაცხადა ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტად მყოფმა თავდაცვის მინისტრმა.
ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ISAF-ის შტაბ-ბინაში შეხვედრას გამართავს მისიის მეთაურთან გენერალ-ლეიტენანტ ჯონ ალენთან.
ირაკლი ალასანია ასევე შეხვდება ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნებს - ავღანეთში სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალური სარდლობის მეთაურს გენერალ-მაიორ გურგანუსს, გენერალ-მაიორ ბერგერსა და პოლკოვნიკ რედფორს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა ავღანელ კოლეგასთან და ქვეყნის პრეზიდენტთან.
საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან.
2012 წლის ოქტომბრიდან მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა ჩაანაცვლა. ამჟამად, ავღანეთში მისიას მე-12 ბატალიონთან ერთად, III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი ასრულებს, რომელიც საერთაშორისო ოპერაციაში მეორედ იღებს მონაწილეობას.