ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე „შრომის კოდექსის“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით ინიცირების მიზეზად, სამსახურებიდან გათავისუფლების გახშირებულ შემთხვევებს ასახელებს.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ხუნდაძემ განაცხადა, ცვლილებების მიზანია, რომ სასწრაფო წესით დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობა გაადვილდეს და ორივე მხარის ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული.
მომზადებული ცვლილებებით, პროექტი განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და შრომითი ხელშეკრულების მოშლის პროცედურას და ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებს აზუსტებს.
ამასთან, დასაქმებულს მიეცემა შესაძლებლობა წინასწარ იყოს მისთვის ცნობილი შრომითი ხელშეკრულების მოსალოდნელი მოშლის შესახებ.
ინიციატივით, შრომისუუნარობის დროს გონივრული ვადა განისაზღვრება. ამასთან, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას მხარეთა მიერ წახალისება მიეცემა.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კობა დავითშვილის განმარტებით, ცვლილებების მთავარი ამოცანაა, რომ დამქირავებელს დაქირავებულის უპირობოდ გათავისუფლების საშუალება აღარ ჰქონდეს.
მისი თქმით, ინიციტივის მიზანია, მასობრივი გათავისუფლებები შეჩერდეს.