სადაზღვევო კომპანიები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს თუ რამდენად ასრულებენ შესწავლილი იქნება.
ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, კობა დავითაშვილმა განაცხადა.
სხდომაზე მედპერსონალის სამსახურებიდან მასიური გათავისუფლების საკითხზეც იმსჯელეს. სხდომაზე საქართველოს სხვადასხვა კლინიკებიდან მოწვეული მედიცინის სფეროს მუშაკებს მოუსმინეს, რომელთაც სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი ბისიაი“-ს მხრიდან მათი უფლებების დარღვევების ფაქტებზე ისაუბრეს.
მათი თქმით, თანამშრომლების უმიზეზოდ გათავისუფლება და ხელფასების შემცირება ხდება, ასევე, სანიტარული ნორმების დაცვა არ ხდება, ბოლო პერიოდში კი, მნიშვნელოვნად გაიზარდა სამედიცინო მომსახურების ფასები, რაც კლინიკებში პაციენტების რიცხვის შემცირების მიზეზი გახდა.
სხდომაზე გადაწყდა, რომ ახლო მომავალში კომიტეტის სხდომაზე მოწვეული იქნებიან სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები და მათთან ერთად მოხდება კომიტეტში შემოსული განცხადებების განხილვა. კომიტეტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი საპარლამენტო უმცირესობამაც დაუჭირა.