პაატა ზაქარეიშვილი  ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

პაატა ზაქარეიშვილი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.

თანათავმჯდომარეებმა და დელეგაციის წარმომადგენლებმა პაატა ზაქარეიშვილს სახელმწიფო მინისტრად დანიშვნა მიულოცეს და ამ თანამდებობაზე წარმატებები უსურვეს.

შეხვედრაში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილიც მონაწილეობდა.

პაატა ზაქარეიშვილმა მადლობა გადაუხადა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ 22-ე რაუნდი იქნება პირველი შესაძლებლობა საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის ჟენევის მოლაპარაკებებში აქტიურად ჩასართავად.

შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიების 22-ე რაუნდისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს. ხაზი გაესვა არსებულ ფორმატში დისკუსიების გაგრძელების მნიშვნელობას და აუცილებლობას.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია და საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელშვილმა აღნიშნა, თანათავჯდომარეებთან მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის საკითხებზეც იმსჯელეს.

შეხვედრაში მოქმედი თანათავმჯომარეების სტატუსით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ფილიპ ლეფორი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი პატრიკ მერფი და გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ანტი ტურუნენი, ხოლო მომავალი თანათავმჯდომარის სტატუსით ეუთოს წარმომადგენელი ანდრიი დეშიტსიია მონაწილეობდნენ.

ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 11-12 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი. 22-ე რაუნდზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი წარადგენს.