მანდატურები სამსახურში აღდგენას და დაკარგული ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ დღეს, უფლებადამცველებთან ერთად, საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
მათ სასამართლოს თავმჯდომარის, მამია ფხაკაძის მიერ, 2012 წლის 5 ნოემბრის ბრძანება გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც მათ სამსახური დაატოვებინეს.
მანდატურების თქმით, მათი განთავისუფლება უსამართლოდ მოხდა.
„ჩვენ გაგვათავისუფლეს კოლექტიური განცხადების საფუძველზე, რომლითაც გამოვხატავდით უბრალო პროტესტს, რომ სამსახურში არ ვივლიდით მანამ, სანამ სასამართლოს ყოფილი მენეჯერი ბატონი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობაზე იქნებოდა“,- განაცხადა ყოფილმა მანდატურმა თამაზ სარალიძემ.
გათავისუფლებული მანდატურები აღნიშნავენ, რომ ზარდიაშვილი მათზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მათდამი იყო მუქარა სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით მათი პოლიტიკური შეხედულების გამო.
„ჩვენ ვასაჩივრებთ მამია ფხაკაძის უკანონო გადაწყვეტილებას იმ ხალხის მიმართ, რომლებიც წლებია ემსახურებოდნენ სასამართლო სისტემას. დაირღვა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 95-ე კანონი“, - განაცხადა უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
მანდატურები ირწმუნებიან, რომ მამია ფხაკაძეს მალე მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა იმ უკანონო გადაწყვეტილებებზე, რომელიც მან ჩაიდინა მცხეთის პროკურატურაში მუშაობისას.