გენერალი გიორგი ვაშაკიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ბარამიძეს წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ, გენერალ გიორგი ვაშაკიძის ადვოკატმა გია დარჩიამ ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
დარჩიას განცხადებით, გია ბარამიძემ განსაკუთრებული სისატიკით დაგეგმა გენერალ ვაშაკიძისა და მისი მეგობრების ელდარ გოგბერაშვილისა და ბენიამინ სანებლიძის გატაცება და წამება.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაკავებას წინ უძღოდა პოლიტიკური მოტივები, თითქოს გიორგი ვაშაკიძე, იგორ გიორგაძესთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ ძალისმიერი მეთოდებით შეცვლას აპირებდა.
„2004 წლის 9 იანვარს, ღამის საათებში გიორგი ვაშაკიძე მის მეგობართან ერთად დააკავეს ვაჟა ფშაველას გამზირზე, ჩაუდეს იარაღი. თანამშრომლებმა დაუწყეს სასტიკი ცემა დაკავებულებს. შემდგომ კი, ნაცვლად დროებითი მოთავსების იზოლატორისა, გადაიყვანეს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც მათი წამება და არაადამიანური მოპყრობა გაგრძელდა. აღნიშნულს ესწრებოდა გიორგი ბარამიძე და თვითონაც იღებდა მონაწილეობას წამებაში. ის იყო არაფხიზელ მდგომარეობაში“, - განაცხადა დარჩიამ.
მისი თქმით არსებობენ თვითმხილველები დ ამოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ თქვან სიმართლე, თუ როგორ დაურეკა გია ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილს და რა სიხარულით აცნობა გენერალ ვაშაკიძის დაკავება.
მისივე თქმით, ამას მოყვა მეორე დღეს პრეზიდენტის განცხადება, რომ მათ დააკავეს იგორ გიორგაძის მარჯვენა ხელი, რომელსაც გადატრიალების მოწყობა უნდოდა.
გია დარჩიას თქმით, სასაფლაოს შემდეგ წამება თბილისის მთავარ სამმართველოს იზოლატორში გაგრძელდა, სადაც წამებაში გიორგი ბარამიძე მონაწილეობდა.
„წამების მეთოდები იყო მრავალფეროვანი, როგორიცაა დენზე მიერთება, დახრჩობის იმიტაცია, ძელზე ჩამოკიდება და ა.შ. მოთხოვნა იყო, რომ მომხდარიყო აღიარება არარსებული დანაშაულისა. იყო შეთავაზება, რომ აღიარების შემთხვევაში, თვითონ უზრუნველყოფდნენ იარაღისა და სხვა მტკიცებულებების შექმნას ჩვენების დამაჯერებლობის გასამყარებლად“,- განმარტა ბარამიამ.
ბარამია აღნიშნავს, რომ მას აიძულებდნენ იგორ გიორგაძესთან კავშირის აღიარებას და შემდეგ კახი კალაძის ძმის გატაცებაში მონაწილეობას სთხოვდნენ.
საბოლოოდ გენერალი „გაერთიანებული ქართული ბანკის“ დამფუძნებლის, თამაზ მაღლაკელიძის გატაცების ბრალდებით გაასამართლეს.
გიორგი ვაშაკიძის ადვოკატის თქმით, საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი, თუმცა ამის მიუხედავად, გენერალ ვაშაკიძის ოჯახი უახლოეს დღეებში მთავარ პროკურატურას ვიცე-სპიკერ გია ბარამიძის მიმართ სისხლის სამართლის აღძვრის მოთხოვნით მიმართავს.
გიორგი ვაშაკიძე სასჯელს უკვე 9 წელია იხდის და მას სასჯელის სრულ მოხდამდე მხოლოდ თვენახევარი დარჩა.