დავით საყვარელიძე: ყაჩაღების,  ტერორისტების, კრიმინალებისა და  მძარცველების მიმართ სენტიმენტები  არ გვაქვს

დავით საყვარელიძე: ყაჩაღების, ტერორისტების, კრიმინალებისა და მძარცველების მიმართ სენტიმენტები არ გვაქვს

პარლამენტმა პოლიტდევნილებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით,  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის დამტკიცება, 5 დეკემბრის სესიისთვის გადადო. კანონმდებელთა განმარტებით, დადგენილების პროექტს იმ ფაქტის გათვალისწინებით აღარ უყარეს კენჭი, რომ კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფს დამატებით ორკვირიანი ვადა აქვს ხარვეზებით შესული განცხადებების განსახილველად და სხვა პირების საქმეების შესასწავლად. ამ პერიოდის განმავლობაში კი, ჯგუფი 15-ზე მეტი პატიმრის საქმეს შეისწავლის.

საკითხის გადადება უმცირესობას არც გაუპროტესტებია და არც გაჰკვირვებია, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ სამუშაო ჯგუფმა „სამარცხვინო“ სია მოამზადა. ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, საკითხის გადადების გამო, გაღიზიანებას ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე ვერ მალავდა და მან პარლამენტი თვალცრემლიანმა დატოვა. 200-ზე მეტი ადამიანისთვის პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება, ყოფილ მმართველ ძალას უქმნის თუ არა დისკომფორტს, From.ge  მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დეპუტატს - დავით საყვარელიძეს ესაუბრა:

პოლიტპატიმარებთან და პოლიტდევნილებთან დაკავშირებით, პარლამენტმა საკითხი გადადო. თუმცა, როგორ აფასებთ, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ სიას?

სამარცხვინო სიაა, რადგან  ჩახალიანი, კოჭოია, ძმები ქარქუსოვები და ა.შ სიაში თუ რატომ მოხვდნენ - გაურკვეველია. ჩემი წინადადებაა, რომ სიაში თოთოეულ ამ ადამიანს, გვერდით თავისი ლობისტური ორგანიზაცია მიაწერონ და საზოგადოებამ იცოდეს, კონკრეტულს პირს, ეს სტატუსი -  თუ რა „დამსახურებებისთვის“ ენიჭება. ზოგიერთი მათგანი კი არის - ჯაშუში, ადამიანის მკვლელი და ა.შ. და უმრავლესობა პასუხისმგებლობას მათზე იღებს?

ლობისტებში, ვის გულისხმობთ?

-იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პირებს სიაში ატენიდნენ.  

იქნებ დააკონკრეტოთ, ლობისტებში ნანა კაკაბაძეს გულისხმობთ?

-რა თქმა უნდა, ის ერთ-ერთი მათგანია. სამუშაო ჯგუფში კაკაბაძე კანონიერი ქურდივით დაჯდა და სიის ძალიან დიდი ნაწილი, სწორედ მან მოამზადა. ის ორკვირიანი ვადა, რომელიც  სამუშაო ჯგუფს, თითქოს მუშაობისთვის მისცეს ტყუილი იყო, რადგან კონკრეტულ გვარებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ და ეს ნუსხა ბესელიასა და კაკაბაძის შინაური სიაა.

თუმცა, ამ სიაში არიან ადამიანები, რომელებიც მაშინ დააკავეს, როდესაც თქვენ მთავარი პროკურორის მოადგილე იყავით და გარკვეულ მათგანთან დაკავშირებით კითხვები მართლაც არსებობს. შესაბამისად, უნდა გადაიხედოს თუ არა ზოგიერთი დაპატიმრებული პირის საქმე?

-დიახ, ვიყავი და ამით ვამაყობ კიდეც. თუ ვინმეს ეჭვი ან ვარაუდი აქვს, რომ კონკრეტული ადამიანი უკანონოდ იყო დაკავებული ან მის საქმეში ხარვეზები იყო,  ამას ალტერნატიულად ის არ უნდა დაუპირისპირონ, რომ ვინმეს პოლიტიკური იარლიყი მიაკერონ. აი ეს არის პრობლემა.  არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე საქმეში რაღაც პრობლემა ან დარღვევა იყოს, მაგრამ ამ 200 კაციან სიაში ბევრი ტერორისტი,  ადამიანის გამტაცებელი, ადამიანის მკვლელი და ა.შ. ამოვიცანი.  ასეთი ხალხი კი, საზოგადოებას არაფერში გამოადგება.

მართალია, სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოები გარკვეულ ეჭვებს ბადებს, მაგრამ თქვენ უხერხულობას ის ხომ არ გიქმნით, რომ ეს ადამიანები სწორედ თქვენი ხელისუფლების პირობებში დააკავეს და მათთვის ამ სტატუსების მინიჭება თქვენთვის სახარბიელო არ იქნება?

-არანაირად. ჩვენი გუნდი ნებისმიერი გადაწყვეტილების სისწორეზე პასუხისმგებელია.  ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელმაც ეს ქვეყანა კრიმინალისგან გაათავისუფლა. ყაჩაღების,  ტერორისტების, კრიმინალებისა და  მძარცველების მიმართ სენტიმენტები  არ გვაქვს.

პარლამენტის მიერ პირისთვის სტატისის მინიჭებაში, რა საფრთხეს ხედავთ. ყოფილი მმართველი ძალა იმ ფაქტმა ხომ არ გააღიზიანა, რომ საქართველოში ყოფილი ძალოვანი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაბრუნდა, რომელსაც სავარაუდოდ პოლიტდევნილის სტატუსი მიენიჭება?

-ამ სტატუსის მინიჭება ლეგიტიმაციის მინიჭებაა იმ ადამიანსითვის, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და ფაქტიურად, სახელმწიფო მას ბოდიშს უხდის და გმირად რაცხავს.  ისინი კი ისე წარმოჩინდებიან, თითქოს ტანჯულნი და წამებულნი არიან. სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ხვალ და ზეგ, ამდენი ცუდის ჩამდენსა და ნაძირალას კი, საშუალება ექნება ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში, მაგალითად სტრასბურგში  სახელწმიფოს ედავოს და კომპენსაცია მოთხოვოს, რომ თითქოს პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული.  პასუხისმგებლობა კი, მთელ საზოგადეოაბს დაეკისრება.