პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე განმარტება გააკეთა.
მან პირობა დადო, რომ ის პოლიტიკიდან გამარჯვებული წავა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი გაჩნდება, რომ ხელისუფლებაში დარჩენილი გუნდი დაპირებებს ვერ შეასრულებს, ის პოლიტიკიდან არ წავა.
„პოლტიკიდან ჩემი წასვლის შესახებ ძალიან ბევრი იწერება და როგორც ჩანს, ბევრი კითხვა ჩნდება. მე მინდა, ყველა მათგანზე ერთდროულად გავცე პასუხი. თუ წელიწადნახევრის შემდეგ, ჩემს მიერ დატოვებული გუნდიდან არ იქნება მზაობა დაპირებები შესრულდეს და კვლავ გაჩნდება კითხვები, მე პოლიტიკიდან არსად არ წავალ. დავრჩები ბოლომდე და თუ საჭირო გახდება მომავალ არჩევნებზეც ვიბრძოლებ, მაგრამ ეს იქნება ის ცუდი ვარიანტი, რომელიც არ მინდა, განხორციელდეს. თუ ყველაფერი ისე იდეალურად წარიმართა, როგორც მე წარმომიდგენია, მაშინ ხელისუფლებიდან წელიწადნახევრის მერე წავალ, როგორც ამას ხშირად ვამბობ და დავტოვებ გუნდს, რომელიც კარგი გუნდი იქნება და მის კონტროლს საზოგადოებრივი სექტორიდან გავაგრძელებ“, - განაცხადა ივანიშვილმა.