"აღარ არის ის დრო, როდესაც პრემიერმა შეიძლება უკარნახოს პროკურორს, ვინ დაიჭიროს და ვინ არა“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დედაქალაქის მერის გიგი უგულავას მოწოდებაზე გააკეთა, რომლის თანახმადაც, ის პრემიერს ურჩევს, რაღაც შეთითხნილი ბრალდებით დაკავონ.
„მე პროკურორს კვირაში ერთხელ ვნახულობ. ისე აღარაა, რასაც ისინი მიეჩვივნენ, რომ მე ვკარნახობ პროკურორს ვინ უნდა დაიჭიროს და ვინ არა. არის რიგები, მოსახლეობა წერს საჩივრებს. ეს რიგები, რომ შემცირდეს მე მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, რომ ძალადობრივი და სიცრუის რიტორიკა შეცვალოს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თანამშრომლობა მხოლოდ კანონიერების ფარგლებში მოხდება და აღნიშნა, რომ ძირითადი მექანიზმი თანამშრომლობისა ის ჯგუფი, რომელიც ყოფილ და ამჟამინდელ მთავრობას შორის შეიქმნა, ვერ იქნება.
„ამ ჯგუფის ხელმძღვანელი გიგა ბოკერია სულ იძახის, რომ წითელი ხაზები უნდა გაივლოს, მაგრამ ჩვენ ვერ მოვახერხებთ, რომ დავჯდეთ და ბოკერიასთან ვავლოთ წითელი ხაზები იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვინ როგორ მოექცევა. ჩვენი თანამშრომლობისთვის განმსაზღვრელი კანონმდებლობა იქნება. ჩვენ მათთან მხოლოდ ვითანამშრომლებთ კანონისა და სამართლიანობის ფარგლებში და ეს შეიძლება გადაზუსტდეს მუშა ჯგუფთან. ეს არ იქნება ისე, როგორც ისინი ცდილობენ, რომ ჩვენ დამნაშავეებს არ შევეხოთ და თუ შევეხებით ისინი გააფორმებენ ამას როგორც პოლიტიკურ დევნად. თანამშრომლობა მოხდება საზოგადოებისთვის გამჭვირვალე თემებზე. ამ მუშა ჯგუფით, რომელიც კვირაში ერთხელ ან ორჯერ ხვდება ერთმანეთს, შეიძლება მოხდეს პატარა საკითხების კოორდინაცია და არა ის, რომ იქ შევათანხმოთ ბოკერიასთან, პროკურორი ვის დაიჭერს და ვის არა“, - განაცხადა ივანიშვილმა.