პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების განახევრების შესახებ დაპირებები, გადაჭარბებული აღმოჩნდა.
მისივე თქმით, მთავრობა ამ მხრივ, აგრძელებს მუშაობას და აღნიშნა, რომ შეიძლება, ტარიფების შემცირება მოვახერხოთ, თუმცა განახევრება ვერ მოხერხდება.
„ვერ მოვახერხეთ გარკვევა ბოლომდე ფასის წარმოქმნა როგორ ხორციელდება ელექტროენერგიაზე და ასევე გაზზე. უახლოეს დროში განვმარტავთ. შემიძლია გითხრათ, რომ განახევრება ტარიფების, რასაც ველოდებოდი, რა თქმა უნდა, არ გამოვა და როგორც ჩანს, გადაჭარბებულად ვსაუბრობდით. დღეს არის ირაკლი კოვზანაძის შეხვედრა თურქულ კომპანიასთან. გარდაბანში იყო დაგეგმილი ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც 200 მლნ დოლარზე მეტი ჯდებოდა. 16 თეთრში, რომელიც არის ელექტროენერგიის გადასახადი, მასში მოიაზრება საინვესტიციო თანხა, რომელიც აუცილებელია. ეს ჩადებული იყო 16 თეთრში, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა იხდის. „ინტერ რაოს“ უნდა დაეფინანსებინა მშენებლობა გარდაბანში. რატომღაც 50 მილიონი გადახდილია საპარტნიორო ფონდიდან, რომელსაც არავითარი კავშირი ამასთან არ აქვს. ჩვენ ამ ხელშეკრულების დარღვევას ვცდილობთ, დანაკარგების გარეშე. ტენდერი ჩატარებული იყო აბსოლუტურად გაუგებრად. თურქულ კომპანიასთან გვინდა მეგობრულად გავწყვიტოთ კონტრაქტი და ხელახალი ტენდერი ჩავატაროთ. კიდევ არის კითხვები შესყიდვებსა და ტრანზიტებში, ამას ვარკვევთ, თუმცა ჩემი განცხადებები განახევრებაზე (ერთი ორჯერ გავაკეთე, ხშირად არ ვიმეორებდი), შეიძლება, ტარიფების შემცირება მოვახერხოთ, თუმცა განახევრება ვერ მოხერხდება“,- განაცხადა ივანიშვილმა.