განახორციელეს თუ არა საელჩოებმა  ზეწოლა პარლამენტზე და  ვის დაკვეთას ასრულებდა ჩუგოშვილი?

განახორციელეს თუ არა საელჩოებმა ზეწოლა პარლამენტზე და ვის დაკვეთას ასრულებდა ჩუგოშვილი?

"ყოფილი პოლიტპატირები - ადამიანის უფლებებისთვის“ ლიდერის ნანა კაკაბაძის განცხადებით,  პოლიტდევნილებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის დამტკიცების მომდევნო სესიისთვის გადადება, გარკვეული საელჩოების ზეწოლის  შედეგად განხორციელდა, ამ საქმეში კი მნიშვნელოვანი როლი კონკრეტულად თამარ ჩუგოშვილმა შეასრულა. ვის დაკვეთებს ასრულებს „საია“, ვის აწყობდა სესიის გადადება და სააკაშვილისთვის ორკვირიანი კარტ-ბლანშის მიცემა?  From.ge ნანა კაკაბაძეს ესაუბრა.

 რა მოხდა გუშინ პარლამენტში და დაასხა თუ არა  „სიას“ და „42-ე მუხლის“ გადაწყვეტილებამ საპარლამენტო უმცირესობის წისქვილზე წყალი?

 -შეგნებული იყო თუ შეუგნებული არ ვიცი, მაგრამ ეს იყო პირდაპირი „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთის შესრულება. აქ ორი აზრი არ არსებობს. მაქვს სერიოზული ინფორმაცია, რომ გუშინ სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა პარლამენტზე გარკვეული საელჩოების თუ საერთაშოროსო საზოგადოებების მხრიდან,  რომ  ეს საკითხი პარლამენტში არ გასულიყო და პოლიტმატიმრების სია არ დადგენილიყო. ვის ინტერესებშია ეს საკითხი? იმიტომ ხომ არა, რომ ხვალ მიშა სააკაშვილმა შეწყალებით გაუშვას ეს ადამიანები როგორც კრიმინალები.

 აქამდე „საიას“ პრეტენზია მხოლოდ ხუთ საქმეზე ჰქონდა, ახლა ის უკვე 40-50 საქმეზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილს პოლიტმატიმრების უმრავლესობა უკვე გაშვებული ჰყავს შეწყალებით, იმიტომ რომ ახალმა ხელისუფლებამ თავი ვერ მოაბა პოლიტმატიმრის სტატუსის მინიჭებას.  რომელ ძალას აწყობს ის, რომ საქართველოში პოლიტმატიმრების სტატუსი რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს ჰქონდეს?

პოლიტმატიმრების სიაში 2011 წლის 26 მაისის, 9 აპრილის და კიდევ სხვა მრავალი გახმაურებული საქმეების დაკავებული პატიმრებიც შედიოდნენ, კონკრეტულად რომელ საქმეებს სჭირდებოდა დამატებითი გამოძიება?

-რომელ გამოძიებაზეა საუბარი? თქვენ გჯერათ, რომ ვინმე რაიმეს გამოძიებას ან ორ კვირაში, ან თუნდაც ერთ თვეში შეძლებს?  აქ საუბარია დაკვეთაზე. დღეს დასადგენია ის, ვის ინტერესებზე მუშაობს „საია“, ის ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე არ მუშაობს, ამაზე ღია დებატებია საჭირო. მე თქვენი მედიასაშუალებით ყველა ტელევიზიას მოვუწოდებ, გამართონ ღია დებატები, სადაც მონაწილეობას მივიღებთ კომისიის წევრები და მოვთხოვთ „საიას“, მილიონებით დაფინანსებულ ამ ორგანიზაციას და კონკრეტულად თამარ ჩუგოშვილს, აქ „42-ე მუხლი“ უბრალოდ  ჩათრეული აღმოჩნდა, გაგვცეს პასუხი, ვის ინტერესებზე მუშაობს ის კონკრეტულად? რა მივიღეთ შედეგად? რატომ გადაიდო კონკრეტულად ორი კვირით სხდომა? რა საქმეების გამოძიება მოესწრება ორ კვირაში?  სააკაშვილს ხომ არ მიეცემა დრო პოლიტმატიმრების სიაში მოხვედრილი ადამიანების შესაწყალებლად ამ ორ კვირაში? გუშინდელ სხდომაზე ბევრმა ჩამოიხსნა ნიღაბი. 

გამოდის ისე, რომ საქართველოში პოლიტმატიმრების სიის შესამცირებლად, სააკაშვილს მიეცა ორი კვირის ვადა და ის პოლიტპატიმრებს შეიწყალებს და გაათავისუფლებს?

-რა თქმა უნდა, პოლიტმატიმრებს შეწყალებებით გამოუშვებენ. პოლიტმატიმართა სიაში მოხვედრის შემდეგ, ამ ადამიანებს  ავტომატურად ხომ არ გამოუშვებდნენ? ისინი სტატუსს მიიღებდნენ და შეეწყალებინა და გამოეშვა მერე ისინი სააკაშვილს. აქ მთავარი ის მიზანი იყო, რომ წინა ხელისუფლებას რაც შეიძლება ნაკლები აღიარებული პოლიტმატიმარი ჰყოლოდა, ან სულ არ ჰყოლოდა.

თქვენ საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლაზე საუბრობდით, კონკრეტულად რომელი საელჩოს მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა პარლამენტზე და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ დასავლეთი მხარს უჭერს? 

-ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მთელი დასავლეთი ამ ბინძურ ძალას უჭერდეს მხარს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, დღეს სიბინძურე და ბოროტება აქტიურია. რაც შეეხება საელჩოების დასახელებას, მე ამისგან დღეს თავს შევიკავებ. ამ სერიოზული ზეწოლების სათავე კი გახლავთ კონკრეტულად ჩუგოშვილის მიერ მათთვის მიწოდებული არასწორი და მცდარი ინფორმაციები, რომელიც ამ პროცესში საკმაოდ ნეგატიურად ერევა. ჩვენი კომისია მზად არის ღიად და გამჭვირვალედ მუშაობისთვის, მობრძანდეს ვისაც უნდა, დაგვისვას კითხვები, რა არის ეს კულისებში მოქმედება?