ივანიშვილი:  სწავლის საფასური არა მოსახლეობას, არამედ სახელმწიფოს გაუძვირდება

ივანიშვილი: სწავლის საფასური არა მოსახლეობას, არამედ სახელმწიფოს გაუძვირდება

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სისტემის დეპოლიტიზაცია ხორციელდება.

მისივე თქმით, განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიამ, რომელსაც გია დვალი ხელმძღვანელობს,  სამინისტროს პირველი კონცეფცია უკვე წარუდგინა.

„ამ კომისიამ სამინისტროს პირველი კონცეფცია უკვე წარუდგინა,, რომელიც სამინისტროს დონეზე უკვე განხილული იქნა. მეც წავიკითხე და მალე საზოგადოებასაც გავაცნობთ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ჩვენი მეცნიერება და განათლება სწორი გზით წავიყვანოთ, რომ გაუთავებელ რეფორმებში ყოფნა არ ხდებოდეს. მანდატურის სამსახურის რებრენდინგი მოხდა და მათ პედაგოგების კონტროლის ნაცვლად,  დაცვის ფუნქცია დეკისრათ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმა განმარტებები სწავლის საფასურთან დაკავშირებითაც გაკეთა და აღნიშნა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასური არა მოსახლეობას, არამედ სახელმწიფოს გაუძვირდება, ანუ ის თავის სუბსიდიებს გააორმაგებს.

ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ძალიან კარგი მინისტრია და აღნიშნა, რომ  მასთან მეგობრობს  და  ფილოსოფიური საუბარიც  ხშირად მქონია.

„გუშინ შენიშვნა მივეცი, რომ საზოგადოებას უფრო გასაგები ენით მიაწოდოს, რასაც აპირებს და ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, რომ ფილოსოფიას თავი დაანებოს. სახელმწიფომ თავისი წილი გააორმაგა და მომავალი წლისთვის სტუდენტობას ის ფინანსური გადასახადები 2-ჯერ შეუმსუბუქდება, რომელიც არსებობდა. როდესაც მარგველაშვილმა თქვა, გაძვირება და ეს საზოგადოების ნაწილმა ვერ გაიგო, მან განაცხადა,  რომ სახელმწიფოს გაუძვირდება, ანუ ის თავის სუბსიდიებს გააორმაგებს. სახელმწიფოს მიერ, განათლების დაფინანსებაზე დახარჯული თანხები გაორმაგდება,  ან გრანტების რაოდენობა გაორმაგდება ან შეიძლება გაიზარდოს და არ გაორმაგდეს, მაგრამ მაქსიმალური გადასახადების ნაწილში მოსახლეობის რაღაც ნაწილს შევუდგებით, რომ მოსახლეობას 2250 ლარის ნაცვლად ნაკლების გადახდა მოუწიოს. ამაზე განათლების სამინისტო მუშაობს. რაც მთავარია, ის გაუგებრობა, რაც განცხადებების დროს წარმოიქმნა, რომ მოსახლეობას გაუძვირდება, ეს ასე არ მოხდება. სამინისტროს გაუძვირდება, ის უფრო მეტს გაიღებს და ამის ფინანსები ჩვენ უკვე გამოვნახეთ.  შესაბამისად, მოკლედ რომ ვთქვათ, გრანტების რაოდენობა გაიზრდება. მოსახლეობის უფრო მეტ ნაწილს ექნება დახმარება სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ივანიშვილმა.