სტუდია GNS-ი პროკურატურას მიმართავს მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე გამოძიება დაიწყოს

სტუდია GNS-ი პროკურატურას მიმართავს მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე გამოძიება დაიწყოს

სტუდია GNS-ი მიმართავს  მთავარ პროკურატურას, სასწრაფო დაიწყოს გამოძიება იმ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, 22 ნოემბერს თბილისის მერიამ გაავრცელა. 

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სტუდია GNS-ი, რომელიც გადაცემა „კვირის რეპორტაჟს“ ამზადებს, არასოდეს დაინტერესებულა კომპანია „ჰერმესის“ საქმიანობით და ამ თემაზე, არცერთი ჩვენი ჟურნალისტი არ მუშაობს.

მეტიც, „კვირის რეპორტაჟის“ ავტორსა და წამყვანს ნანა ლეჟავას არასოდეს ჰყოლია მოადგილე. ასეთი შტატი სტუდია GNS-ში არ არსებობს.

ბოლო სამი დღის განმავლობაში, თბილისის მერიის მხრიდან, ეს არის უკვე მეორე ბინძური ცილისწამება სტუდია GNS-ის წინააღმდეგ.

გასულ კვირას, თბილისის მერიამ, არაერთი დაპირების მიუხედავად  არ გააკეთა კომენტარი თბილისის მერის გიგი უგულავას და მისი ახლო ნათესავების ლას ვეგასურ ვიზიტებთან დაკავშირებით.

სიუჟეტის გასვლის შემდეგ მერია მხოლოდ ბინძური ცილისწამებით შემოიფარგლა.

სტუდია GNS-ს მიაჩნია,რომ თბილისის მერიის თავდასხმებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ჰგავს.  

ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო სტუდია GNS-ი უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავს.