ბიძინა ივანიშვილი: აფხაზეთისა და ოსეთისთვის სტატუსის მინიჭებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ბიძინა ივანიშვილი: აფხაზეთისა და ოსეთისთვის სტატუსის მინიჭებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლება ცდილობს,  სახალხო დიპლომატიის სახით დაარწმუნოს აფხაზები და ოსების, რომ ჭეშმარიტად სახალხო გზით მოვიდა ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში და  რომ მათ საშუალება ექნებათ საკუთარ სამშობლოში დაბრუნების. 

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენი ემიგრანტების დაბრუნების პროცესი რომ დაიწყება, მაშინ იგრძნობს საზოგადოება ამას. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა  ხანგრძლივი პროცესია და ბუნებრივია, მარტივი არ არის“,-აღნიშნა ივანიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება აფხაზეთის და ოსეთისთვის რაიმე სახელის მინიჭებას და აღიარებას, პრემიერის განცხადებით, ისიც, როგორც საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამას არაფრით არ დავთმობთ, პირველ ეტაპზე კი აფხაზები და ოსები უნდა დავარწმუნოთ, რომ ამჯერად საქართველოს ხელისუფლებაში სხვა ხალხი მოვიდა.

„პირველ ეტაპზე ვცდილობთ, რომ მათ დავანახოთ, რომ ხელისუფლებაში სხვა ხალხი მოვიდა. ჩვენ გვინდა მათ დავანახოთ, რომ ის რაც ჩვენს შორის მოხდა, ძალიან ცუდია, რომ ნოსტალგია გაგვაჩნია მათ მიმართ, მათი მხრიდან ჯერჯერობით, სხვა განცხადებები კეთდება აუცილებლად უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამას არაფრით არ დავთმობთ,  მაგრამ ჩვენ მუდმივად უნდა ვარწმუნოთ აფხაზი და ოსი ძმები, რომ ჩვენ საინტერესო ქვეყანა ვართ“,-განაცხადა ივანიშვილმა.