ივანიშვილი: ჩემი მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება არ მოხდება

ივანიშვილი: ჩემი მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება არ მოხდება

საქართველოს პრემიერმინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო რედისონში მიმდინარე  პრესკონფერენციაზე სააგენტო reuters-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ შესაძლებელია პრეზიდენტის იმპიჩმენტის  საკითხის პოლიტიკურად დასმა აღარ მოხდეს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობამ გააკეთოს.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომელზეც მე ადრე გავაკეთე აქცენტი, ცუდი რეაქცია მოჰყვა საერთაშორისო  საზოგადოების მხრიდან, მე ავღნიშნე, რომ  ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის კულტურას და ოპონენტებს მოვექცევით არა ისე,  ისე როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ ქართული კულტურის შესაბამისად.  ჩემი მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაყენება არ მოხდება,  მაგრამ სამართლებრივად თუ მოხდება, ეს არავის უნდა გაუკვირდეს“,-აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერის განცხადებით,  ხელისუფლება არ გამორიცხავს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობას, ამისთვის შესაძლებელია ევროპიდან და ამერიკიდან მოხდეს სპეციალისტების მოწვევა, რადგან  ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველო საპარლამენტო რესპულიკაა და ლოგიკურიც იქნებოდა, შესაბამისობაში მოვიდეს პრეზიდენტის პოსტი კონსტიტუციასთან.

„ ჩვენ არჩევნების შემდეგ მოვედით ხელისუფლებაში, გვექნება მცდელობა  შესაბამისობაში მოვიდეს პრეზიდენტის პოსტი კონსტიტიუციასთან. საპარლამენტო უმრავლესობამ შეიძლება გავაკეთოთ ამ საკითხის ინიცირება,გვინდა,  2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, შევინარჩუნოთ პრეზიდენტი  ახალი უფლებამოვალეობებით“,-აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შეიძლება შევიდეს არა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არამედ არჩევნებამდე.