პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ რომელიმე მხრიდან და განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან, მედიაში რაიმე ჩარევის მცდელობას ექნება ადგილი, ის ამის, პირველი დამცველი იქნება.
პრემიერის თქმით, მედიის მხრივ, პროცესები საბედნიეროდ აღიძრა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ახალი მთავრობისგან დამოუკიდებლად ხდება.
„როგორც იცით, „იმედს“ რეალური მესაკუთრეები დაუბრუნდნენ. ეს კარგია. როგორც მოხდა და განვითარდა პროცესები მე არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ამაში ჩვენი ირიბი დამსახურებაცაა. ისიც ვიცი, რომ „რუსთავი 2“-ზე ორი მესაკუთრე ჩივის. ეს პროცესიც მიდის, რომ დაიწყო თავისთავად კარგია. უკვე ხმაურობენ, ჩემი გადმოსახედიდან რეალური მესაკუთრეები, თუმცა ეს სასამართლოს გადასაწყვეტია“, - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი მედიაზე საუბრისას, საზოგადოებრივ მაუწყებელსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უნდა მოხერხდეს და საზოგადოებრივი ტელევიზია ჭეშმარიტად საზოგადოებრივი უნდა გახდეს.
„ის არცერთი ხელისუფლების ინტერესებს არ უნდა ემსახურებოდეს, თუ რომელიმე მხრიდან და განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან, რაიმე ჩარევის მცდელობას აქვს ადგილი, მე პირველი დამცველი ვიქნები“, - განაცხადა ივანიშვილმა.