უახლოეს მომავალში, სპეციალისტები პარლამენტში ჟანგბადის, ტემპერატურისა და ტენიანობის მაჩვენებელების დადგენას შეეცდებიან.
From.ge-ს ინფორმაციით, ორი დღის წინ, საკანომდებლო ორგანოს თბილისიდან სანიტარული სამსახურის ათამდე სპეციალისტი ეწვია, რომლებიც არსებულ ვითარებას ზედაპირულად გაეცნენ. კერძოდ, ვინაიდან, მათ შესაბამისი აპარატი თან არ ჰქონდათ, პარლამენტში არსებული სიტუაცია ვერ შეისწავლეს.
როგორც from.ge-ს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა განუცხადეს, სპეციალისტები მათ გაესაუბრნენ და ჰკითხეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით თუ რა სიმპტომები ჰქონდათ. თანამშრომლებმა კი, აქცენტი ძირითადად უჰაერობაზე გააკეთეს, რაზე სპეციალისტებმა უპასუხეს, რომ შენობის ვინტილიაცია არ ხდება და უწყებაში მყოფი ადამიანები მხოლოდ მეორადი ჰაერით სუნთქვენ, რაც ჯანმრთელობისთვის არსახარბიელოა.
საკითხის გარკვევას from.ge აპარატის ხელმძღვანელთან - ზურაბ მარაქველიძესთან შეეცადა. მარაქველიძემ სპეციალისტების პარლამენტში სტუმრობა უარყო და განაცხადა, რომ ის ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში, სპეციალისტების უწყებაში შესვლა მართლაც იგეგმება, რათა მათ ჟანგბადის, ტემპერატურის, ტენიანობისა და ა.შ მაჩვეებელები დაადგინონ.
სანამ სპეციალისტები ოფიციალურ დასკვნებს დადებენ, მანამდე პარლამენტში არსებული ვითარება შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. კერძოდ, განსაკუთრებით დილით, უწყებაში წებოსა და აცეტონის სუნი იგრძნობა. დღის განმავლობაში კი, უჰაერობა განსაკუთრებით მაღალ სართულებზეა. ეს ყველაფერი კი იმის შედეგია, რომ 360 მლნ ლარიან პარლამენტის გამჭირვალე შენობას ფანჯრები არ აქვს.