შოტლანდიელი მომღერალი სიუზან ბოილი საკუთარ თავზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას აპირებს. მან ამერიკაში უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს კინოკომპანია Fox Searchlight Pictures -სთან, რომელიც სათავეში ჩაუდგება მომღერალზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას. ბოილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ფილმისთვის სცენარის ავტორს ეძებს. სამსახიობო ჯგუფი ჯერ არა არის შედგენილი, თუმცა მთავარ როლზე მოიაზრებიან მსახიობები, გლენ კლოუზი, ან ჯული უოლტერსი.
მომღერალი გამოტყდა, რომ სურს მასზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში ჯორჯ კლუნმა ითამაშაოს. ბოილი მას მენეჯერის ენდი სტივენსის როლზე განიხილავს. მსახიობის აზრით, ენდი და კლუნი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, თუნდაც ჭაღარა თმებით. მომღერალი განმარტავს, რომ ეს მხოლოდ მისი სურვილია და მსახიობთან მოლაპარაკებებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა. ფილმის გადაღებები 2013 წელს დაიწყება.
სიუზან ბოილმა სახელი გაითქვა პოპულარული ტელეპროგრამით „ბრიტანეთი ეძებს ტალანტებს.“ მორიდებული, მორცხვი, არტისტული გარეგნობის არმქონე, საკმაოდ მსუქანი შოტლანდიელი დიასახლისის ხმის იშვიათმა სილამაზემ როგორც ჟიურის, ასევე მილიონობით ტელემაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია. მას ყველა გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ მაყურებელთა სიმპათიების შეჯამების შემდეგ გაირკვა, რომ გამარჯვება არაფრით გამორჩეულ საცეკვაო კოლექტივ "Diversity" -ს ხვდა წილად. ასეთი უსამართლობა ბოილისათვის თავზარდამცემი იყო - ის ნერვული მოშლილობის ზღვარზე აღმოჩნდა და აუცილებელი გახდა მისი გადაყვანა ფსიქიატრიულ კლინიკაში. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ სიუზანმა არაჩვეულებრივად წარმატებული ტურნე გამართა ამერიკაში, სადაც თავისი სადებიუტო ალბომიც ჩაწერა და ტელევიზიითაც გამოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ ბოილმა სწორედ ამერიკაში გაითქვა სახელი და მიაღწია წარმატებას.
სიუზან ბოილი პატარა შოტლანდიურ დასახლება ბლექბერნში დაიბადა, მეშახტეთა ოჯახში. მომავალ მომღერალს ოთხი ძმა და ექვსი და ჰყავდა. სკოლაში სიუზანს სერიოზული პრობლემები ჰქონდა სწავლის მხრივ. სკოლის დამთავრების შემდეგ მას არსად უმუშავია, თუ არ ჩავთვლით მზარეულის მოწაფედ ექვსთვიან სტაჟირებას. ბოილი ღებულობდა სოციალურ დახმარებას და უვლიდა მოხუცებულ დედას, რომელიც 2007 წელს გარდაიცვალა, 91 წლის ასაკში. თვით სიუზანის თქმით, სწორედ დედის გარდაცვალებამ აიძულა ეცადა მომღერალი გამხდარიყო. მანამდე ის მხოლოდ ადგილობრივ ეკლესიაში და პაბში მღეროდა. მოკლე ხნის განმავლობაში ბოილი იღებდა ვოკალის კერძო გაკვეთილებს, თუმცა სიმღერას, უმეტესწილად, თავისი ვოკალური კერპების ჩანაწერების მეშვეობით სწავლობდა.
48 წლის შოტლანდიელ დიასახლისის სადებიუტო ალბომმა "I Dreamed a Dream" პირველი ადგილი დაიკავა შოტლანდიურ და ამერიკულ ჰიტ-პარადებში და გაყიდვის ტემპის მიხედვით, ყველა რეკორდი მოხსნა. დღეისათვის მსოფლიოში ამ დისკის უკვე 5 მილიონი ეგზემპლარია გაიყიდული.