ბრაზილიაში მყოფი ქართველი მეზღვაურები ორთვიანი შინაპატიმრობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდნენ.
მეზღვაურები აკაკი კარანაძე, რამაზ ვარშანიძე და ბუხუტი ჭანტურია საქართველოში გამთენიისას ჩამოვიდნენ.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი „ტიმოს სტავროსი“ ბრაზილიის ფედერალური რესპუბლიკის საპორტო ქალაქ პარანგუაში 10 აგვისტოს შევიდა, როცა გემზე უბედური შემთხვევა მოხდა. შესადუღებელი ავზის აფეთქების შედეგად ერთი ფილიპინელი და ერთი ქართველი მეზღვაური - ზვიად დათუნაშვილი გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე ბრაზილიურმა მხარემ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების შედეგად, შესადუღებელ ავზს ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ ავზს გააჩნდა დეფექტი და მეზღვაურების დაღუპვის ფაქტს მიენიჭა უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია.
ბრაზილიის საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილებით, გამოძიების დასრულებამდე გემის კაპიტანი აკაკი კარანაძე, უფროსი თანაშემწე რევაზ ვარშანიძე და მეზღვაური ბუხუტი ჭანტურია ორი თვე შინაპატიმრობაში იმყოფებოდნენ. ბოლო სასამართლო პროცესი, რომელზეც მეზღვაურები გაამართლეს, 19 ნოემბერს გაიმართა.