სააპელაციო სასამართლომ კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილის, ვაჟა ლელუაშვილის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.
ლელუაშვილის ადვოკატი ზაზა ვაშაყმაძე სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას უსამართლოს და დაუსაბუთებელს უწოდებს.
„სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. შესაძლოა, შესაბამისი გარემოებების მოძიების შემთხვევაში, აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართო“, - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი 15 ნოემბერს დააკავეს.
მას ბრალად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება, ჩაწერა და კომპიუტერული სისტემის მეშვეობით ინფორმაციის მოპოვება ედება, დანაშაული, გათვალისწინებული 158-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 285-ე მუხლის მესამე ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. ლელუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ლელუაშვილის ადვოკატი სააპელაციო საჩივარში აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა, თუმცა მისი საჩივარი მეორე ინსტანციის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.
ვაჟა ლელუაშვილი გლდანის #8 დაწესებულების კარანტინის განყოფილებაშია მოთავსებული.