ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ოქრუაშვილს სურვილი აქვს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ჩვენ ამ ფაქტს  მივესალმებით

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ოქრუაშვილს სურვილი აქვს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ჩვენ ამ ფაქტს მივესალმებით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, არც მოულოდნელი იყო და არც მოსალოდნელი.

მისი თქმით, თუ ირაკლი ოქრუაშვილი მოწმის სახით დაიკითხება და გამოძიებას ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის,  ამ ფაქტს მხოლოდ მიესალმებიან.

აღნიშნულის შესახებ, ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში,  გადაცემაში „მთავარი კითხვა ეკა ბერიძესთან ერთად“ ისაუბრა.

„ჩამოვიდა პიროვნება, ის იყო ძებნილი და ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედეთ. ჩვენ ის დავაკავეთ. მას თუ სურვილი აქვს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მოგვაწოდოს სასარგებლო ინფორმაცია ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ ამას მივესალმებით. რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან არ ექნება ადგილი რაიმე ზეწოლას ან მოთხოვნას, რომ მან აუცილებლად ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ეს მისი სურვილი და უფლებაა“, - განაცხადა  ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით,  ხელისუფლების მიზანი არ არის, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

„ჩვენი მიზანი არის ვემსახუროთ ხალხს და ქვეყანას. თუ დავინახავთ, რომ დარღვეულ იქნა კანონი,  ჩვენ ეს კანონი უნდა დავიცვათ და აღვადგინოთ სამართლიანობა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.