საგამოძიებო სამსახურმა სპირტის კონტრაბანდასთან დაკავშირებით, შპს „განთიადის

საგამოძიებო სამსახურმა სპირტის კონტრაბანდასთან დაკავშირებით, შპს „განთიადის" და შპს „ნაფარეულის" მმართველები დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოში სპირტის კონტრაბანდასთან დაკავშირებით, შპს „განთიადის" და შპს „ნაფარეულის" მმართველები და საბაჟო მოხელეები დააკავა.

ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ სპეციალურ  განცხადებაშია ნათქვამი.

„2006-2007 წლებში საქართველოში შეიქმნა შეზღუდული პაუხისმგებლობის საზოგადოებები, რომლებიც 2012 წლის ოქტომბრამდე ფუნქციონირებდნენ და რომელთაც საქართველოში ხორბლის 96%-იანი სპირტის შემოტანა, გადამუშავება, დაძველება და შემდეგ მისი რეექსპორტისა და ექსპორტის რეჟიმებით საზღვარგარეთ გატანა უნდა განეხორციელებინათ. აღნიშნულ ვითომდა ერთმანეთისგან დამოუკიდებელ შპს-ებს ფიქტიურად დანიშნული დირექტორების ნაცვლად, მართავდნენ ერთიდაიგივე პიროვნებები, რომელნიც შემდეგი დანაშაულებრივი სქემით მოქმედებდნენ: ერთ კომპანიას - შპს „განთიადს" უკრაინიდან საქართველოში შემოჰქონდა ხორბლის 96%-იანი სპირტი, რომელსაც გადამუშავების რეჟიმში აქცევდა და ყიდვა-გაყიდვის შესაბამისი პროცედურების გარეშე გადასცემდა მეორე კომპანიას - შპს „ნაფარეულს", რომელიც თავის მხრივ, ტექნოლოგიური  „მანიპულაციებით" ხორბლის სპირტისგან იღებდა საკონიაკე სპირტს. კომპანია „განთიადს" სჭირდებოდა გადამუშავების რეჟიმში მოქცეული ხორბლის სპირტის დოკუმენტალური „განაშთვა", რომელიც რეალურად მას უკვე გადაცემული ჰქონდა ქვეყნის შიგნით კომპანია „ნაფარეულისთვის". ამის შემდეგ, სქემაში ერთვებოდა საქართველოს საბაჟო სამსახური, რომლის თანამშრომლებიც საბაჟო დეკლარაციებსა და აღრიცხვის მოწმობებში ყალბი მონაცემების შეტანით, ასრულებდნენ საბაჟო პროცედურებს და ადასტურებდნენ საბაჟო დოკუმენტაციის სისწორეს, რის მიხედვითაც საქონელმა ვითომდა, დატოვა საქართველოს ტერიტორია. ამავე სქემით ყალბდებოდა საბაჟო დოკუმენტაცია ხორბლის სპირტის ტრანზიტის დროსაც. საქონელი იმპორტის რეჟიმში მოქცევისა და საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე იყიდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ  კი საბაჟო სამსახურის მონაწილეობით, საბაჟო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანით, ფიქსირდებოდა რომ საქონელმა თითქოს საქართველოს ტერიტორია დატოვა. ზემოაღნიშნულმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენეს. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს. დაკავებულნი არიან კომპანიების ფაქტიური მმართველები და საბაჟო მოხელეები. ძიების მსვლელობისას გამოიკვეთა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა კომპანიების მონაწილეობაც" - ნათქვამია