საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ბრიტანეთის სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ საკითხებში დეივიდ ლიდინგტონს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა საქართველოში ჩატარებული არჩევნები და მთავრობის მშვიდობიანი გადაბარების პროცესი, ასევე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იყო.
მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტად ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება რჩება. მისივე თქმით, ის მზად არის ამ მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ახალ მთავრობასთან. შეხვედრისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ნატოში ინტეგრაციის პროცესში ბრიტანეთის აქტიური მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, დეივიდ ლიდინგტონმა დადებითად და დემოკრატიულად შეაფასა საპარლამენტო არჩევნები და მთავრობის გადაბარების პროცესი. მან იმედი გამოთქვა ,რომ არსებულ დემოკრატიულ პროცესებს დეკემბერში ნატოს მინისტერიალზე დადებითი შეფასება მოყვება.
შეხვედრის დასასრულს, დეივიდ ლიდინგტონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ბრიტანეთის მთავრობის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
საუბრისას მან ასევე ყურადღება გაამახვილა, საქართველოს როგორც ნატოს მნიშვნელოვან პარტნიორზე და იმ წვლილზე, რომელიც ქვეყანას საერთო უსაფრთხოების გამყარების მიზნით შეაქვს ISAF-ში მონაწილეობით.