ქართული კინოს დღეები სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში

ქართული კინოს დღეები სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში

23-26 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში, ეროვნული კინოცენტრისა და სლოვაკეთის კინოინსტიტუტის ორგანიზებით, და სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართება ქართული კინოს დღეები.

ბრატისლავაში 4 დღის განმავლობაში ნაჩვენები იქნება 7 ქართული ფილმი, როგორც კინოკლასიკის ნიმუშები, ასევე ბოლო წლების ნამუშევრები:

ქართული კინოს დღეებს სლოვაკეთში გახსნის ლევან კოღუაშვილის ფილმი „ქუჩის დღეები“ (2010) ასევე ნაჩვენები იქნება ფილმები: "რაჭა, ჩემო სიყვარულო" (1977 წარმოება: ჩეხოსლოვაკეთი, საბჭოთა კავშირი, რეჟისორები: იოზეფ მედვედი, თემურ ფალავანდიშვილი). "მაგდანას ლურჯა" (1955, რეჟისორები: თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე). "ნეტავ იქ თეატრი არის?!" (2011, რეჟისორი: ნანა ჯანელიძე) "სამი სახლი" (2008, რეჟისორი: ზაზა ურუშაძე) "გაღმა ნაპირი" (2009, რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი) "შანტრაპა" (2010, რეჟისორი: ოთარ იოსელიანი).

ქართული კინოს დღეებს ბრატისლავაში დაესწრებიან ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - თამარ ტატიშვილი დადირექტორის მოადგილე - სალომე სეფაშვილი, ასევე ქართველი კინემატოგრაფისტები ნანა ჯანელიძე და ქეთი მაჭავარიანი.

სლოვაკეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს. კულტურული თანამშრომლობის მთავარი სიმბოლოა 1977 წელს გადაღებული ფილმი "რაჭა ჩემო სიყვარულო", (ჩეხოსლოვაკეთი, საბჭოთაკავშირი) რომელიც პირველ ქართულ-სლოვაკურ კოპროდუქციად შეიძლება ჩაითვალოს.

„ქართული კინოს დღეები“ და მის ფარგლებში მოწყობილი კინოჩვენებები ხელს შეუწყობს საქართველოსა და სლოვაკეთის კინოინდუსტრიების დაახლოებასა და ქართული კინოს პოპულარიზაციას სლოვაკეთში.