შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ენ სი სი"-ს გენერალური დირექტორი გიორგი ქელბაქიანი და ამავე საწარმოს ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე, რომლებმაც სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისების მიზნით, ერთ-ერთ ფიზიკურ პირს კონტრაქტის გარეშე ჩაურიცხეს 6 309 885 ლარი, საიდანაც აღნიშნულმა პირმა 3 032 091 ლარი ნაღდი ფული უკან დაუბრუნა გიორგი ქელბაქიანს და არჩილ ჩოგოვაძეს.
გარდა ამისა, ამავე პირების მიმართ მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება რიყეზე მდებარე "ბუდა-ბარის" საკუთრების კანონიერების შესახებ, აგრეთვე თბილისის შემოგარენში მშენებარე ფეშენებელური აგარაკების სამშენებლო სახსრების წარმომავლობასთან დაკავშირებით.
დაკავებულ პირებს კანონით დადგენილ ვადებში წარედგინებათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და გ) პუნქტებით.
აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას" - ნათქვამია განცხადებაში.