საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გიორგი კალანდაძის დაპატიმრების თაობაზე, არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გიორგი კალანდაძის დაპატიმრების თაობაზე, არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი კალანდაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით დაკავების შესახებ არ დააკმაყოფილა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განუცხადა.

„სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ არ დააკმაყოფილა და დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა. გიორგი კალანდაძეს არცერთი აღმკვეთი ღონისძიება არ შეეფარდა, ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე მას შეფარდებული აქვს უკვე 2012 წლის 9 ნოემბერს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო, საქმე არის ერთი და იგივე, უბრალოდ მას დაუმძიმდა ბრალი, მაგრამ სასამართლომ განმარტა, რომ ახალი ბრალის წარდგენა არ არის იმის საფუძველი, რომ ბრალდებამ მიმართოს ახალი აღმკვეთი ღონისძიებით დაპატიმრების შესახებ" - განაცხადა გაბაიძემ.

კალანდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილით დაუმძიმდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ის ზვიად აბესაძეს ეხება.

გიორგი კალანდაძე 7 ნოემბერს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 20 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მოგვიანებით, კალანდაძეს ბრალი კიდევ ერთი მუხლით წაუყენეს და საქალაქო სასამართლომ იგი 10 ათას ლარიანი გირაოს შემდეგ გაათავისუფლა.