საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გუგული მაღრაძე უმცირესობის წევრს, მარიამ საჯაიას მოუწოდებს ქართველ ერთან მიმართებაში, ტერმინი - „კრიმინალური ერი“ არ გამოიყენოს.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მაღრაძემ განაცხადა, არ შეიძლება, ერს კრიმინალური მენტალიტეტი ჰქონდეს და ეს არც არასოდეს დაუდგენია ვინმეს.
„საჯაიას ვურჩევ წიგნი წაიკითხოს და საკუთარ ერთან დაკავშირებით, ტერმინები შეარჩიოს. სამარცხვინოა, როცა ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებ და შენი ერის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გაქვს“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერმინი მარიამ საჯაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გამოიყენა, სადაც პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სია წარადგინეს.